საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ უზბეკეთის ცენტრალური ბანკის მიერ ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო საჯარო აქტივების მართვის ფორუმში (IPAM Forum 2026) მიიღო მონაწილეობა.
ფორუმმა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო რეზერვებისა და სახელმწიფო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც სუვერენული პორტფელებისთვის აქტივების სტრატეგიულ განაწილებას, დივერსიფიკაციასა და საინვესტიციო რისკების მართვას დაეთმო.
ფორუმზე მონაწილეებმა გლობალური ფინანსური ბაზრებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის ტენდენციებზე, რისკების შემცირებისა და აქტივების დივერსიფიკაციის თანამედროვე მიდგომებზე იმსჯელეს.
როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი გაურკვევლობის, ეკონომიკური ფრაგმენტაციისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის მიდგომებიც იცვლება.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აქტივების სტრატეგიული განაწილების პროცესის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია განახორციელა“, - განაცხადა მიქაბაძემ.
ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილეს ოქროს როლი თანამედროვე სარეზერვო პორტფელებში, საჯარო აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის მდგრადი მოდელები და გლობალური ფინანსური არქიტექტურის განვითარების პერსპექტივები.