თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის რამდენიმე ათეული შემთხვევის შემდეგ კვების მენიუში დროებითი ცვლილებებიც შეიტანეს. პარალელურად, ბაღებში გაამკაცრეს სანიტარიული და ჰიგიენური ზომებიც.
რატომ ამოიღეს მენიუდან რძის პროდუქტები?
ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებამ, საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, თუ იყო ნოროვირუსი, რატომ გახდა საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მიღება?
თბილისის მერის მოადგილის, კახა აბულაძის განცხადებით, მენიუდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი და შემწვარი საკვების ამოღების გადაწყვეტილება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს.
აბულაძის განცხადებით, დაავადების მიმდინარეობის პერიოდში რეკომენდებულია რძის პროდუქტების, ცხიმიანი და შემწვარი საკვებისგან თავის შეკავება, რადგან ასეთმა საკვებმა შესაძლოა მდგომარეობა გაამწვავოს.
„ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარიული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმსაც, რომელიც ბაღებში ვირუსული პერიოდისთვის არის ადაპტირებული“, - განაცხადა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია 3-4 დღის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს და ეს პერიოდი უკვე სრულდება.
ნოროვირუსი თუ კვებითი ინტოქსიკაცია?
აბულაძე ასევე ამბობს, რომ ავადობის გამომწვევი მიზეზი უკვე დადგენილია ბავშვების შემთხვევები ნოროვირუსს უკავშირდება, რაც მისი თქმით, 22 სექტემბერს ოფიციალურად დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც ამის შესახებ ერთი დღით ადრე, 20 სექტემბერს, განაცხადა და შემთხვევები მაღალი ალბათობით სწორედ ნოროვირუსს დაუკავშირა.
მერის მოადგილე, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას. სააგენტოში 23 სექტემბერს განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე შესწავლილი ნიმუშებით მიღებული მონაცემებით, ბავშვების ავადობა საკვებით ინტოქსიკაციას არ უკავშირდება.
თბილისის მერის მოადგილის, კახა აბულაძის ინფორმაციით, ვირუსი საბავშვო ბაღებში, სავარაუდოდ, გარედან გავრცელდა. მიმდინარეობს მოკვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს ინფექციის გავრცელების კონკრეტული წყარო.
აბულაძის თქმით, შემოდგომაზე საბავშვო ბაღებში ვირუსების გავრცელება ხშირია. ამ შემთხვევაშიც, დაავადების პირველი ნიშნები სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან დაახლოებით ორ დღეში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვებსა და თანამშრომლებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. თავდაპირველად განიხილებოდა საკვებით შესაძლო ინტოქსიკაციის ვერსიაც, რის გამოც შესაბამისმა უწყებებმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს. დაიწყო გამოძიებაც.
თბილისის 20 საბავშვო ბაღში ინტოქსიკაციის ნიშნები თავდაპირველად 55 ბავშვსა და ერთ აღმზრდელს გამოუვლინდა. შემთხვევების გამო შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში საბოლოოდ 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობის სავარაუდო მიზეზი ნოროვირუსი აღმოჩნდა. პარალელურად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკვებისა და წყლის ნიმუშების შემოწმება დაიწყო; 23 სექტემბრის მდგომარეობით, პირველ ეტაპზე გამოკვლეულ 81 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა.