Amazon ინდოეთში სწრაფი მიწოდების, ე.წ. ქვიქ-ქომერსის მიმართულების გასაფართოებლად 2030 წლამდე 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, ეს კომპანიის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება ამ სექტორში, სადაც Amazon ადგილობრივ კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გეგმის მიხედვით, Amazon 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს, დამატებით 2 მილიარდ დოლარს კი 2030 წლამდე დააბანდებს. კომპანია ინვესტიციას ძირითადად მცირე, უბნის მასშტაბის საწყობების ქსელის გაფართოებაში, მარაგების მართვის სისტემების გაუმჯობესებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში მიმართავს.
Amazon-ის სწრაფი მიწოდების სერვისი Amazon Now ამჟამად დაახლოებით 750 ობიექტს მოიცავს, თუმცა კომპანია მომავალი წლის აპრილისთვის მათი რაოდენობის დაახლოებით 1 300-მდე გაზრდას გეგმავს.
„ქვიქ-ქომერსის“ ბაზარი ინდოეთში სწრაფად იზრდება. Datum Intelligence-ის შეფასებით, სექტორის მოცულობა ამჟამად დაახლოებით 19 მილიარდი დოლარია და 2030 წლისთვის 41 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ბაზრის 77%-ს ადგილობრივი კომპანიები — Blinkit, Swiggy და Zepto — აკონტროლებენ. Walmart-ის მფლობელობაში არსებული Flipkart-ის წილი 11%-ია, Amazon-ის კი მხოლოდ 6,2%.
Amazon აცხადებს, რომ მისი სწრაფი მიწოდების ბიზნესი ბოლო სამი თვის განმავლობაში წლიურად გადათვლილმა გაყიდვებმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც კომპანიის ინდოეთის ისტორიაში ელექტრონული კომერციის მიმართულებით ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად აქცევს.
Amazon-ის მთავარი აქცენტი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე იქნება. კომპანია ამ ეტაპზე არ გეგმავს ისეთი ძვირად ღირებული ნივთების, როგორიცაა iPhone-ები, სწრაფი მიწოდების ქსელში აქტიურად შეტანას, რადგან ფოკუსი განმეორებით შესყიდვებზეა.
ინდოეთში „ქვიქ-ქომერსის“ მომსახურება განსაკუთრებით პოპულარული 2022 წლიდან გახდა, თუმცა სექტორს გამოწვევებიც აქვს, მათ შორის კურიერების უსაფრთხოება. ინდოეთის ხელისუფლებამ კომპანიებს უკვე მოსთხოვა, მომსახურების პოპულარიზაციისას „10-წუთიანი მიწოდების“ დაპირების გამოყენება შეეწყვიტათ.