ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, შიდსით ინფიცირებული ფრანგი ქალი ვირუსისგან გათავისუფლდა. ოპერაცია მას მწვავე ლეიკემიის გამო ჩაუტარდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იმ სამედიცინო ჯგუფის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც ინფიცირებულ ქალს სამხრეთ საფრანგეთში მკურნალობდა.
„ამ დაავადებით 26 წელი ვიცხოვრე, არ მჯეროდა, რომ ერთ დღეს ასეთი სასწაულის მომსწრე გავხდებოდი“ - ციტირებს პაციენტის ნათქვამს მისი ექიმი. ავადმყოფი ქალი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, 60 წელს გადაცილებულია.
შიდსის გამომწვევი ვირუსით რომ იყო ინფიცირებული, მან 1999 წელს შეიტყო. 2020 წელს ექიმებმა ამ ქალს ძვლის ტვინი გადაუნერგეს. მის დონორს გენ CCR5 ში ჰქონდა იშვიათი გენეტიკური მუტაცია - დელტა 32, რომელიც უჯრედებში აივ-ის შეღწევას ხელს უშლის.
„ეს მუტაცია ძალზე იშვიათია და მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტში გვხვდება. დიდი მიღწევაა, იპოვო დონორი, რომელიც პაციენტთან თავსებადია და, ამავე დროს, დელტა 32-ის მატარებელია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე სილვი ბრეგიონმა, რომელიც მარსელის აივ ინფიცირებულთა მოვლის საავადმყოფოს ხელმძღვანელობს.
„რემისიის შემდეგ, პაციენტმა, 2023 წლის ოქტომბრიდან, ანტირეტროვირუსული თერაპია შეწყვიტა. ამჟამად, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა მარკერი უარყოფითია“, - აღნიშნა მან.
ეს პირველი შემთხვევაა საფრანგეთში, როდესაც შიდსით დაავადებულ პაციენტს სიმპტომები გაუქრა. თუმცა, „ფრანს პრესის“ ცნობით, სრულ განკურნებაზე საუბარი არ არის.
მთელ მსოფლიოში კიდევ 6 შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც შიდსით დაავადებული ადამიანები რემისიის მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ექიმებმა ძვლის ტვინი გადაუნერგეს: სამი ასეთი პაციენტი გერმანიაში ცხოვრობს, თითო-თითო კი - შვეიცარიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
შიდსი ისეთი საფრთხე აღარ არის
თუმცა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია აივ-ით დაავადებულ ყველა პაციენტს დაეხმარება. „ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ოპერაცია ადამიანის ორგანიზმისთვის უკიდურესად მძიმეა და მრავალი გართულებით ხასიათდება“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ მარსელის პაოლი-კალმეტის ინსტიტუტის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ჰემატოლოგიის განყოფილების უფროსმა, რენიე დევილიერმა.
როდესაც შიდსის ვირუსით ინფიცირებული ადამიანი აფრიკის ფარგლებს გარეთ პირველად გამოჩნდა, ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია - მისგან განკურნება შეუძლებელი იყო, ის ადვილად ვრცელდებოდა და საზოგადოების ცნობიერებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა. მაგრამ 1984 წელს პრაღელმა ბიოქიმიკოსმა, ანტონინ ჰოლიმ დაადგინა, თუ როგორ უნდა დამზადებულიყო პრეპარატი ტენოფოვირი. ბელგიელ მეცნიერ ერიკ დე კლერკთან ერთად, მან ის აივ-ზე გამოსცადა. როდესაც პრეპარატი ეფექტურობა დადასტურდა, ჰოლიმ და დე კლერკმა კლინიკური კვლევები შეერთებულ შტატებში განაგრძეს.
მოგვიანებით, ამ ნივთიერების საფუძველზე, შეიქმნა სხვა პრეპარატები, რომელთა წყალობითაც, შიდსი იქცა დაავადებად, რომლისგანაც მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში ბევრი ადამიანი აღარ იღუპება.
წყარო: 1 არხი