2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სამი ქვეყანა იბრძოლებს. ბრაზილიისა და მაროკოს შემდეგ, კანდიდატთა სიას მექსიკაც შეუერთდა. ფიფა საბოლოო გადაწყვეტილებას 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე პერიოდში მიიღებს.
ბრაზილია განაცხადს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების გამოცდილებასა და უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე ამყარებს. ქვეყანას თანამედროვე სტადიონები და ძლიერი საფეხბურთო ტრადიცია აქვს. ამავე დროს, მაროკო საკუთარ ამბიციურ პროექტს წარადგენს – სახელმწიფომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და რადგან 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია, საკლუბო მუნდიალს გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევს.
კანდიდატებს შორის მექსიკაც სერიოზულ არგუმენტებს წარმოადგენს. ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ისეთ ისტორიულ არენებზე უმასპინძლებს, როგორიცაა „აცტეკა“ და „აკრონი“. ლიგა MX-ის პრეზიდენტის განცხადებით, მექსიკას აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო შესაძლებლობები ასეთი მასშტაბის ტურნირის ორგანიზებისთვის. არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ისიც, თუ რა დონეზე ჩატარდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.