ევროპარლამენტმა მთელი კონტინენტის მასშტაბით, არაერთი პოლიტიკოსი დააჯილდოვა, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპული დამსახურების ორდენი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის წელს პირველად გაიცემა, სამი რანგისგან შედგება. ესენია: ორდენის წევრი, ორდენის საპატიო წევრი და ორდენის გამორჩეული წევრი.
უმაღლესი ჯილდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელს და პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ ვალენსას გადაეცათ.
სხვებთან ერთად, მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელები გახდნენ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი და ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი საული ნიინისტო.
ორდენის წევრის კატეგორიაში დაჯილდოებულებთა შორის კი არიან ბერძენი კალათბურთელი გიანის ანტეტოკუნმპო, არასამთავრობო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის დამფუძნებელი ხოსე ანდრესი და როკ-ჯგუფ U2-ს ოთხი წევრი.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, სხვადასხვა ხარისხის ჯილდოს მფლობელები მაისში დაგეგმილ ცერემონიაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ ხელმოწერილ სერტიფიკატს, ასევე სამკერდე ნიშანს და ლენტს მიიღებენ.