სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, სოფლებში მოწყობილი სათავე ნაგებობები არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით. მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს სუბიექტი, რომელსაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილის წყალმომარაგება ევალება; სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
კონკრეტულად, აუდიტის მიგნებები შემდეგია:
ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2022-2023 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება. კერძოდ, აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2022-2023 წლებში, შესაბამისად, 37% და 28% დააკლდა. ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მუნიციპალიტეტი ფლობდა 3.2 მლნ ლარის საბიუჯეტო ნაშთს. აუდიტის თანახმად, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზი - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ არ დაიცვა სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი რეგულაციები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში კომისიამ დაარღვია მის მიერვე განსაზღვრული სატენდერო პირობა, ხოლო ორ შემთხვევაში ტენდერები დაუსაბუთებლად შეწყვიტა.
დაუსრულებელი და გამოუყენებლი აქტივები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და აქტივების მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ამასთან, გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 416.1 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს.
არასათანადო ხარისხით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, სოფელ ქულბაქის საბავშვო ბაღის სახურავის ფიცარი მოწყობილია არასწორად, რის შედეგადაც დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების გაგრძელება. ჯამში, მერიამ ჩაიბარა 2.2 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანდა ან/და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე დანერგილი კონტროლის პროცედურები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა სამუშაოების მიწოდების ვადებზე. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
მიწოდების ვადების დაუსაბუთებლად ზრდა - მუნიციპალიტეტმა სათანადოდ არ გააკონტროლა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობა, კერძოდ, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა გაზარდა დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზით. შედეგად, მიმწოდებლებზე არ გავრცელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია და ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ ჩარიცხულა.
მოსახლეობის წყალმომარაგების ხარვეზები - თვითმმართველ ერთეულში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს სუბიექტი, რომელსაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილის წყალმომარაგება ევალება; სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
შრომითი ხელშეკრულებებით დაქირავებული პირები - მუნიციპალიტეტების მიერ დაქირავებული შრომის გამოყენების პრინციპი არ შეესაბამება საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად ხარჯვის ვალდებულებას.
ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები - მაგალითად, კურორტ ახალჭალაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 11 არაუფლებამოსილ პირს განლაგებული აქვს ხის კოტეჯები; ასევე არ არის შესრულებული ქონების განკარგვის საინვესტიციო პირობა; მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში და ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოიყენა გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვისა და კონკურენციის გასაზრდელად აუქციონის გამოყენების შესაძლებლობა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაარღვია სამართლებრივი აქტის პირობები ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის შესახებ. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის პირობების დარღვევის, ასევე დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, რიგ შემთხვევაში დასაქმებულების ფუნქცია-მოვალეობები, სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვის მოდელი არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
საბიუჯეტო პროცესის ხარვეზები - 2022-2023 წლების და 2024 წლის 6 თვის საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.