2025 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები წლიურად 19%-ით შემცირდა - ამის შესახებ ცნობილი ხდება ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშიდან.
როგორც დოკუმენტი განმარტავს, შემცირება ძირითადად განპირობებული იყო სირიის, ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან განაცხადების კლებით.
შარშან ევროკავშირის ქვეყნებმა ჯამურად თავშესაფრის მოთხოვნის 822 000 განაცხადი მიიღეს. საანგარიშო პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნებით ავღანეთი ლიდერობდა (117 ათასზე მეტი განაცხადი). თავშესაფრის მოთხოვნების 20% - გერმანიაზე, 19% - საფრანგეთზე, 17% - ესპანეთზე, 16% - იტალიაზე, ხოლო 7% საბერძნეთზე მოდიოდა.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის 15 295 განაცხადი დაფიქსირდა, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. კერძოდ, ამ პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნის 15 103 განაცხადი ფიქსირდებოდა.
ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ მიღებული განაცხადებიდან 11 577 ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, 1 026-მა განმცხადებელმა კი მოთხოვნა თავად გაიწვია.
შარშან წარდგენილი განაცხადებიდან უდიდესი ნაწილი, 12 788 პირველადი განაცხადი იყო. იმ ქვეყნების სამეული კი, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ, ასე გამოყურება: საფრანგეთი, იტალია და გერმანია.