პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს,„აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს. ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება,“ - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.