საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის კონიუნქტურა მსოფლიო ტენდენციების იდენტურია. „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა, ანი გახარიამ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე ბაზარზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და სექტორში გამოკვეთილ სამ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა.

ანი გახარიას განმარტებით, დღეს ქართული რიტეილ ბაზარი პრაქტიკულად სამ სეგმენტად არის დაყოფილი.

„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფასდაკლება თუ ქეშბექი შესყიდვების მოცულობასთან პირდაპირ კავშირშია .

"ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს ჩვენმა კოლეგებმა და საქართველოს ბაზრის კონიუნქტურა ერთგვარად ისე ჩამოყალიბდა, რომ პრაქტიკულად არ განსხვავდება მსოფლიო ბაზრებისგან. ანუ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება.

პირველი არის ეგრეთ წოდებული "ჰარდ დისქაუნტერები", რომლებიც ოპერირებენ საკმაოდ მცირე სასაქონლო პორტფელით დაახლოებით 800, 1000 ან 1200 სასაქონლო ერთეულით. ისინი მთლიანად ორიენტირებული არიან რაოდენობრივ გაყიდვებზე. მათი გაყიდვების, ასე ვთქვათ, თანაფარდობა ძალიან მაღალია და შესაბამისად მაღალია მათი შესყიდვის ძალაც.

არის საშუალო ქსელები, რომლებიც ოპერირებენ დაახლოებით 3000, 5000 ან 6000 სასაქონლო ჯგუფით. მათი რეგულარული ფასი თაროზე შედარებით მაღალია, თუმცა როგორც ჩვენმა კოლეგებმაც აღნიშნეს, უკვე ძალიან გამწვავებული კონკურენციის გამო მათაც უწევთ, ასე ვთქვათ, დიდ ფასდაკლებებში შესვლა.

მესამე მიმართულება არის ჰიპერმარკეტებისა და მარკეტების სეგმენტი, სადაც სასაქონლო ერთეულების რაოდენობა 10 000-დან იწყება. აქ უკვე გვაქვს დივერსიფიცირებული კატეგორიები. პრაქტიკულად ყველა კატეგორიაა წარმოდგენილი, მათ შორის შეიძლება ტექნიკაც იყოს. ასეთი ტიპის ქსელების აქცენტები ცოტა განსხვავებულია. მათი რეგულარული ფასი განსხვავებულია და მათი ქცევაც სააქციო ბადეში სხვაგვარად ფორმირდება.

ჩვენმა კოლეგებმა და თქვენმა მხარემაც დასვეს ეს კითხვა და მინდა ამაზე განსაკუთრებული ხაზი გავუსვა: ფასი, ქეშბექი, ფასდაკლების სიღრმე. ანუ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ფასზე პირველ რიგში დამოკიდებულია შესყიდვის რაოდენობაზე. ნებისმიერი იმპორტიორი ან დისტრიბუტორი მაქსიმალურ ინვესტიციას აკეთებს რაოდენობაში. თუ შესყიდვის მოცულობა ძალიან დიდი არ არის, შესაბამისად "ქეშბექიც" იმხელა ვერ იქნება. ეს ასევე მარჟის დაბალანსებაშიც ეხმარება.

ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ჩვენ ამ ბიზნესში უკვე მრავალი წელია ვართ და ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევის ცვლილებას ქართულ ბაზარზე. ეს ქცევა იცვლება და საკმაოდ რადიკალურად. ცვლილება მხოლოდ ფასიდან ან ეკონომიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს; იცვლება მათი მოთხოვნებიც.

მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაზე გავლენა აქვს მათ მოგზაურობას, ქვეყნიდან გასვლას, საერთაშორისო გამოცდილებას. მათი სამომხმარებლო გამოცდილება და სამომხმარებლო კალათა გაიზარდა, შესაბამისად მოთხოვნებიც შეიცვალა.

ჩვენი მომხმარებელი საკმაოდ პრეტენზიულია იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად იცის: როდესაც ჩვენთან მოდის, დახვდება ძალიან დივერსიფიცირებული ფრეშ პროდუქტი და ჩვენი მოხმარების გამოცდილებაც განსხვავებულია. თუმცა არსებობს მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც ფასზე არის ორიენტირებული და მაქსიმალურად ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ფასებს „დასდევდეს“", - განაცხადა გახარიამ.

კომერციული დირექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დისქაუნტერებში ფასდაკლების სიღრმე მეტია, „აგროჰაბის“ ტიპის ქსელები მომხმარებელს უფრო ფართო პორტფელსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობენ. მისივე თქმით, კომპანიისთვის პრიორიტეტი ხარისხის უწყვეტი კონტროლია.

"თუმცა ყველა ქსელი თავის ჭრილში ყოველთვის ცდილობს, რომ კონკრეტულ კატეგორიაში მინიმუმ ერთ ბრენდზე მუდმივად ჰქონდეს აქცია. ანუ ეს არ არის ისე, რომ დღეს, მაგალითად, ზეთზე გვაქვს აქცია და ხვალ აღარ გვაქვს. ზეთზე აქცია ყოველთვის არის, თუმცა შეიძლება განსხვავდებოდეს ბრენდი.

მომხმარებელი მაქსიმალურად შეძლებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას. თუმცა ფასდაკლების სიღრმე დისქაუნტერში, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება. მაგრამ როდესაც მომხმარებელი იქ შევა, ძირითადად მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებს შეიძენს. ხოლო ჩვენი ტიპის ქსელში, როდესაც შემოვა, მიიღებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას — ბევრად უფრო ფართო პორტფელს, განსხვავებულ მომსახურების სტანდარტს და, რა თქმა უნდა, შესაბამის ფასსაც.

მე Agrohub-ის გადმოსახედიდან შემიძლია ვისაუბრო და პირდაპირ გეტყვით: ჩვენი მომხმარებელი ყველაზე სენსიტიური ხარისხთან მიმართებით. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ — ისინი არც ერთ შეცდომას არ გვპატიობენ", - განაცხადა აგროჰაბის კომერციულმა დირექტორმა ანი გახარიამ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე".

bm.ge