აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ნაყოფიერი შეხვედრის შედეგად გრენლანდიასა და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ჩამოყალიბდა.
ტრამპის თქმით, მან გადაწყვიტა, არ დააწესოს ტარიფები, რომლებიც პირველ თებერვალს უნდა ამოქმედებულიყო.
„მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ძალაში შესვლაც პირველი თებერვლიდან იყო დაგეგმილი. მიმდინარეობს დამატებითი დისკუსიები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, რაც გრენლანდიას ეხება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება დისკუსიების პროგრესისას“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირები გაუძღვებიან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 17 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრენლანდიის გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებდა. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველ თებერვლიდან უნდა შესულიყო.