„პირველი ფაქტორი, რომელიც ოქროს ფასზე მოქმედებს, არის საერთაშორისო სტაბილურობა“ - ამის შესახებ საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "მონეტიზაცია" განაცხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ინვესტორებში არასტაბილურობის განცდას ქმნის, რაც შესაბამისად ისახება ოქროს ფასზე.
მისი განცხადებით, საერთაშორისო ბირჟაზე ფასების ზრდა მომენტალურად მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზეც, რაც ძალიან დიდი სტრესია ბიზნესისთვის.
„ოქრო, მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო აქტივი ინვესტორებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რა თქმა უნდა, პირველი, რომელიც ოქროს ფასზე მოქმედებს არის - საერთაშორისო სტაბილურობა. უკუპროპორციული დამოკიდებულება აქვთ და მიმდინარე მოვლენებიც მოგეხსენებათ, უკრაინის ომიდან დაწყებული... უკვე დომინოს პრინციპით აირია თითქოს რეგიონში სიტუაცია. ამას დაემატა ირანში მიმდინარე მოვლენები, დაემატა პარტნიორებს შორის დავა გრენლანდიის საკითხზე და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან არასტაბილურობის განცდას ინვესტორებში, რაც შესაბამისად, ისახება ოქროს ფასზე. აქედან გამომდინარე, გუშინ კიდევ კატასტროფული ზრდა დაფიქსირდა - 4 800 დოლარს გადააჭარბა უნციის ოქროს ფასმა.
საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე შესაძენი ნედლეული [სუფთა ოქრო] მომენტალურად გვიძვირდება. ჩვენთვის ეს დაყოვნების პერიოდი, თუნდაც ერთდღიანი, არ არსებობს, რომ მაგალითად საერთაშორისო ბირჟების გაძვირებასთან ერთად ჩვენ რაღაცა ვიყიდოთ იაფად. მომენტალურად ძვირდება ეს ყველაფერი.
დღეისათვის 420 ლარამდეა 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი, რაც შედარებისთვის სულ რაღაც წინა საახალწლოდ 370 ლარი ღირდა, 50-ლარიანი ზრდაა მოკლე პერიოდში, ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის ეს ძალიან დიდი სტრესია და სულ გამოსავლის ძიებაში ვართ,“ - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟებზე მორიგ რეკორდებს ამყარებს. ამ დროისთვის ერთი უნცია 4 833 დოლარი ღირს, ვერცხლის ფასი კი 94.16 დოლარია.