დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.

ივეტ კუპერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას მხარს უჭერს, თუმცა დავოსში დაგეგმილ დღევანდელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„წინ ბევრი სამუშაოა და ჩვენ ამას დღეს ხელს არ მოვაწერთ, რადგან ეს იურიდიული დოკუმენტია, რომელიც გაცილებით ფართო საკითხებს მოიცავს“, - განაცხადა კუპერმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მიწვევით შეშფოთებულია.

„შეშფოთებულები ვართ, პუტინის მონაწილეობის გამო ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება, რადგან ჯერ კიდევ არ გვინახავს იმის ნიშნები, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობის მიმართ თავის ვალდებულებებს შეასრულებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ipn.ge