სუს-მა სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას "რითეილ ასოციაცია" ავრცელებს.
"განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.
გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს.
შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, "აგროჰაბში" და "ფრესკოში" ადასტურებენ, რომ სუს-ი საგამოძიებო მოქმედებებისთვის შევიდა. როგორც "ფრესკოს" წარმომადგენელმა „მთავართან“ განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობს.