„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის ბოლომდე ლარი მცირედით გაუფასურდება და კურსი 2.79 $/₾-ს მიაღწევს. ამის შესახებ პუბლიკაციაშია აღნიშნული, რომელიც 2025-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკის ძირითად ტენდენციებსა და პროგნოზებს ასახავს.
პუბლიკაციის მიხედვით, ისტორიაში პირველად, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება.
„საყურადღებოა, რომ ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - წერია პუბლიკაციაში.