ტურიზმი ძალიან მგრძნობიარე სფეროა და ნებისმიერი ტიპის არეულობა სექტორისთვის გამოწვევაა, რომელიც გაყიდვების დინამიკაზე პირდაპირ აისახება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გავლენა შეაფასა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები გავლენას არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე, არამედ მთლიანად რეგიონზე მოახდენს.

"საუბარია საკმაოდ მსხვილ მასშტაბიან დაპირისპირებაზე, რომელშიც რამდენიმე ქვეყანაა ჩართული და ცხადია, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ტურიზმის სფეროსთვის. ჩვენი ძირითადი მიმართულება ეგვიპტეა და ამ ეტაპზე ამ მიმართულებით, სრული სიმშვიდეა და გარდა ამისა, ეგვიპტე ერთ-ერთ უსაფრთხო ზონად ითვლება. 

თუმცა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდა ეს დაპირისპირება გაყიდვების ტენდენცია შემცირდება. არის მიმართულებები, სადაც უშუალოდ ხდება საომარი მოქმედებები, მათ შორის, საამიროები და მეორე მიმართულებაა კატარი, სადაც მოქალაქეები ჩარჩნენ. გარდა ამისა, ისეთი მიმართულებები როგორიც არის მალდივები, ტაილანდი, ბალი და სხვა, სადაც ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო ზონად დუბაი და დოჰა გამოიყენებოდა. შესაბამისად, მთელი ეს სივრცე მოწყვეტილია, რადგან რეგიონი საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება გაყიდვების დინამიკაზე და თუ ასე გაგრძელდა საკმაოდ დიდი ხანი ამ მიმართულებებზე გამგზავრების არც სურვილი ექნებათ და არც შესაძლებლობა", - აცხადებს მამუკა ჯიქია. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი .

წყარო: ბიზნესპარტნიორი