სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, ქართველები დაასაქმოს, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ უცხოელის დასაქმება საქართველოდან ფულის გადინებას ნიშნავს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული ადამიანური რესურსი ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
„როცა მოთხოვნა იზრდება და ვართ ქვეყანა, რომელსაც 3 მილიონი მოსახლე ჰყავს, საიდანაც 700 ათასი სოციალურად დაუცველია და ამ სოციალურად დაუცველებს ვერ ვასაქმებთ, არ საქმდებიან, სხვა გზა ფიზიკურად არ გვრჩება გარდა იმისა, რომ გარედან შემოვიყვანოთ. დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსია სოციალურ დაუცველებში, რომლის გადახედვაც ახლა დაიწყო სახელმწიფომ და ამ ხალხის მომზადებას, უფასო ტრენინგების ჩატარებას აპირებს, მაგრამ დაინტერესება ნამდვილად არ იგრძნობა ამ პროცესის მიმართ.
კერძო სექტორში დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ თუ ადამიანი სამი შეთავაზების შემდეგ არ დასაქმდა, სოციალური დახმარება შეუწყდეს, როგორც ეს აპრობირებულია იმავე ბელგიაში, დანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც შრომისუნარიანები, ჯანმრთელები არიან“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.