საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი შრომის ბაზრის კვლევებს, რომლის მიხედვითაც, განათლების რეფორმის ფარგლებში, საუნივერსიტეტო კვოტები გადანაწილდა, JobGear-ის დამფუძნებელი რეზო ხარაბაძე არავალიდურს უწოდებს და უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ მსგავსი დაგეგმარება საფრთხის მატარებელია.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას რეზო ხარაბაძე აღნიშნავს, რომ არც სახელმწიფოს და არც მთავრობის პრეროგატივა არ არის შრომის ბაზარში ჩარევა, შრომის ბაზარი თვითმოქმედია და მოთხოვნა-მიწოდება მარტივად არეგულირებს.
„ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა გლობალური გამოწვევები ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ შეუძლებელია, დღეს დაგეგმილმა რაიმე პროგნოზებმა სწორი შედეგები მოგვიტანოს 4-5 წლის შემდეგ. ხაზს ვუსვამ - ეს კვლევა არავალიდური და უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე შრომის ბაზრისთვის დახმარების მომტანი. მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ თუნდაც 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სამყაროში გაჩნდებოდა ისეთი პროფესია, როგორიც არის სოციალური მედია მენეჯერი, 2-3 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ გაჩნდებოდა AI-პრომტ ინჟინერი, რაზეც დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამდენად, 5 წლიანი დაგეგმარება, ჩემი აზრით, საფრთხის მატარებელია“, - აცხადებს რეზო ხარაბაძე.
მისივე თქმით, ერთი შეხედვით იდეა კარგია და ურიგო არ იქნებოდა, თუკი გვეცოდინება, რა პროფესიები დაგვჭირდება მომავალში, თუმცა აქ მთავარი კითხვა უნდა დაისვას: შესაძლებელია თუ არა შრომის ბაზრის ზუსტი პროგნოზირება?
„პასუხი ძალიან მარტივია: არა, ეს თითქმის შეუძლებელია. ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებიც კი, როგორიც არის, მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, შრომის სტატისტიკური ბიურო ამერიკაში და ასე შემდეგ, აკეთებენ უფრო ტენდენციების ანალიზს, სცენარებს და არავითარ შემთხვევაში არ დებენ პასუხებს, რა ტიპის პროფესიები იქნება მომავალში პოპულარული და მოთხოვნადი. ეს ხდება იმიტომ, რომ შრომის ბაზარი სუბიექტებისგან შედგება, სადაც ძირითადი მოთამაშეები ადამიანები არიან. შესაბამისად, ადამიანური გონი და სწრაფვა, შექმნას რაიმე ახალი და ოპტიმალური, ვიდრე აქამდე იყო, ძალიან დიდ გავლენას ახდენს არასტატიკურობასა და დინამიკურობაზე. გარდა ამისა, შრომის ბაზარი დიდად არის დამოკიდებული ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, მიმდინარე გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამდენად, წინასწარ კვოტირება და პროგნოზის დადება, რომ მომავალში დაგვჭირდება ამდენი იურისტი, ამდენი მედიკოსი და ასე შემდეგ, ცოტა რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, შრომის ბაზრის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ მომავალში შეიძლება სერიოზული საფრთხეები გამოიწვიოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადამზადდებიან და კვალიფიკაციას მიიღებენ ამა თუ იმ მიმართულებით“, - განმარტავს რეზო ხარაბაძე.
რეზო ხარაბაძე აღნიშნავს იმასაც, რომ უნივერსიტეტები და უმაღლესი განათლების სისტემა ბოლო 10 წელია სხვა ტიპის გამოწვევებზე გადავიდნენ - ტექნიკური კომპეტენციების ნაცვლად, ავითარებენ უფრო მეთოდურ კომპეტენციებს და აქცენტს აკეთებენ ისეთ უნარებზე, როგორიც არის, მაგალითად, ანალიტიკური აზროვნება, კრიტიკული მიდგომა საქმისადმი და ასე შემდეგ.
„ეს ხდება იმიტომ, რომ შრომის ბაზარი იმდენად მობილურია, უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს, მომავალში მისი კურსდამთავრებულის გადამზადება სწრაფად მოხდეს. თანამედროვე განათლების მიდგომა სწორედ ეს არის და გადამზადებისთვის უკვე საკმარისი ხდება 3-6 თვიანი პროგრამებიც“, - მიიჩნევს რეზო ხარაბაძე.