გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გეოლოგიური შეფასებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია.

„ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის დაცვისა და შესაძლო სტიქიური რისკების პრევენციის მიზნით, დედაქალაქში უკვე არაერთი სამუშაო განვახორციელეთ სხვადასხვა მისამართზე. 

ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწის ჩამოშლით გამოწვეული საფრთხეები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ტერასულად მოეწყობა 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც გრუნტის გამაგრებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მართვის მიზნით, დაგეგმილია სადრენაჟე ქსელისა და რკინაბეტონის კიუვეტის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მეწყრული პროცესების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორს.

„სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ხუთი თვის ვადაში განახორციელებს.  ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გარკვეულ რაიონებში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შევდივართ, რათა არსებული ფერდები გავამაგროთ და  დაცული იყოს უსაფრთხოება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს