დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ პარტნიორობის განვითარების შემდგომი პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის არის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და, ამ თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია.
„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის მიმართულებით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, ესტუმრონ სომხეთს და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს