გაძვირებულია ქათმის საკვები, გაზრდილია თანამშრომლების ხელფასები, საცობების გამო დისტრიბუციას ქალაქში გადაადგილება უჭირს და ხშირად ჯარიმდება - ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც, როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, კვერცხის ფასი გაიზარდა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ მარცვლეული, რომელიც 25-30%-ით გაძვირდა, კვერცხის თვითღირებულებაში 65-70%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასი თითქმის 100%-ით გაეზარდათ, ხოლო თუკი ადრე ერთი დისტრიბუტორი დღეში 30-35 ობიექტის შემოვლას ახერხებდა, საცობების გამო ეს მაჩვენებელი განახევრებულია.
„2025 წლის დაახლოებით ოქტომბრიდან დავიწყეთ საუბარი მარცვლეულის ფასებიდან გამომდინარე, რომ ახალ წლამდე კვერცხს არ გავაძვირებდით, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ფასის დაჭერას ვეღარ შევძლებდით. რეალობა ის არის, რომ კვერცხი დღეს სადღაც 2-3 თეთრით გაძვირდა. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მარცვლეულის გაძვირებამ საკვები გაგვიძვირა.
თუკი ორი კომპონენტი - ლარის კურსი და მარცვლეულზე ფასი არ შეიცვალა, ფასი აღარც კვერცხზე შეიცვლება.
ამ ეტაპზე იმპორტის საჭიროება აღარ არის, რადგან მოთხოვნა ნორმალურია, წარმოება 2024 წელთან შედარებით სადღაც 12%-ით არის გაზრდილი. აღდგომამდე არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ ალბათ, არც აღდგომისთვის შეიქმნება პრობლემები, მათ შორის, არც ფასი მოიმატებს“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.