ე,წ მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოთხშაბათს არის დაგეგმილი და მას ყველა მონაწილე მხარე დაესწრება. ამის შესახებ Reuters-ი უკრაინელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.
"მოლაპარაკებები ხვალ არის დაგეგმილი. ყველა მხარე... იმედი მაქვს, შედეგი იქნება", - თქვა წყარომ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაბლოკილი მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.
რუსეთი ბოლო განცხადებებში მიანიშნებს, რომ არ დაუშვებს გასული წლის ივლისის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ, რადგან რიგი მოთხოვნები, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის, არ არის შესრულებული.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარშემო ვითარება ჩიხში შევიდა და ამაში დასავლეთს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს „მარცვლეულის გარიგების“ შემდეგი ვადის დასრულებამდე ბოლო მომენტში ის მაინც გახანგრძლივდა. თუმცა, მოსკოვმა მალევე გამოაცხადა, რომ დათანხმდა მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივებას (სტანდარტული 120 დღის ნახევარი) და დაიმუქრა შეთანხმების შეწყვეტით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.