„ლივერპულის“ პრობლემა ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი თავდამსხმელი არ ჰყავს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. არნე სლოტი სწორედ ასეთ ფეხბურთლს ეძებს – ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Liverpoolworld-ის ჟურნალისტი გევინ კელი წერს.
„„ლივერპულს“ შეტევაში ნაპერწკალი აკლია. ამ სიცარიელის შევსება შემოქმედ მოთამაშეებს შეუძლიათ. თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ის ზედმეტად ორგანიზებული და უფრო მეტად ტაქტიკური გახდა.
ალექსანდრ ისაკის ტრავმის შემდეგ „ლივერპული“ თავდამსხმელს ეძებს. ბაზარზე არასტანდარტული ტიპის მოთამაშეების ნაკლებობაა, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები ნაკლებად ჩნდებიან, ე.წ. ათიანები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან.
მწვრთნელები ფლანგის შემტევებს მოუწოდებენ, ნაკლები რისკით ითამაშონ, აქცენტი ბურთის შენარჩუნებზე გააკეთონ და არა მცველის მოტყუებაზე. არნე სლოტის გუნდში მხოლოდ რიო ნგუმოს შეუძლია დრიბლინგით გასცდეს მეტოქეს და შეტევა გაამწვავოს.
ასეთი მოთამაშე მოჰამედ სალაჰია. უდავოა, რომ გასულ სეზონში ეგვიპტელმა „ლივერპულის“ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ქმნიდა განსხვავებას და როდესაც გუნდი ვერ თამაშობდა, საჭირო შედეგი სალაჰს მოჰქონდა.
ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც „ლივერპული“ იან დიომანდეთი უნდა დაინტერესდეს – მას კვარაცხელიას ადარებდნენ. „ლაიპციგის“ გარემარბი, ქართველის მსგავსად, ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს, სწრაფია და თამაშის გამწვავება შეუძლია“, – წერს გევინ კელი.