კანადის ტრანსპორტისა და შიდა ვაჭრობის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, კანადა "საპასუხო ზომებისთვის" მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მისი დაპირების შესაბამისად კანადას ტარიფებს დაუწესებს.
"საპასუხი ზომები მზად არის, კანადელი მუშებისა და ინდუსტრიის დასაცავად ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. [...] თუ მოგვაწვებიან, ჩვენი პასუხი აშშ-ის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო ზიანი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ კანადა ამერიკის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია - უფრო დიდი ვიდრე ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთად" – ამბობს ანანდი კანადურ მედიასთან საუბრისას.
2024 წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით კანადასა და მექსიკას აშშ-ში მთელ იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
Fox News-თან ორმა პირმა, რომლებმაც 2024 წლის დეკემბერში ტრამპსა და კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შორის საუბარი მოისმინეს, განაცხადეს, რომ მეგობრული საუბრის მიუხედავად, ტრამპი ძალზე პირდაპირი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მას კანადისგან.
წყაროების თქმით, ტრამპმა ტრუდოს უთხრა, რომ არალეგალური იმიგრაციისა და დიდი რაოდენობის ნარკოტიკების გაშვებით, კანადამ ვერ შეძლო აშშ-სთან საზღვრის დაცვა. შეხვედრაზე ტრამპი ასევე კანადასთან აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის საკითხსაც შეეხო, რაც მისი გათვლებით, $100 მილიარდს აღემატება.
არჩეულმა პრეზიდენტმა ტრუდოს უთხრა, რომ თუკი კანადა საზღვრის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, იგი თანამდებობის დაკავების პირველივე დღესვე ყველანაირ კანადურ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
თავის მხრივ, კანადის პრემიერმა ტრამპს უთხრა, რომ მსგავსი ტარიფების დაწესება კანადის ეკონომიკას გაანადგურებდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "შენი ქვეყანა ვერ გადარჩება, თუკი აშშ-ს $100 მილიარდის ოდენობით არ გაძარცვავს?"
tabula.ge