Financial Times ირანის რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი ევროპაში აშშ-ს სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებით იმუქრება, თუ ვაშინგტონი საბრძოლო მოქმედებებს კვლავ განაახლებს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა სამიზნე გამხდარიყო სამხედრო ობიექტები ბულგარეთსა და კვიპროსში, რაც ირანის საპასუხო მოქმედებების მასშტაბს მნიშვნელოვნად გააფართოებდა. აქამდე ირანის საპასუხო დარტყმები ძირითადად ახლო აღმოსავლეთზე იყო კონცენტრირებული.
FT აღნიშნავს, რომ 28 თებერვალს დაწყებული ომის დროს ირანმა მოახერხა რაკეტის გაშვება ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე დიეგო გარსიას ავიაბაზის მიმართულებით, რომელიც ირანისგან დაახლოებით 4 000 კილომეტრითაა დაშორებული. ეს მიუთითებს ირანის შესაძლებლობაზე, რაკეტებით ევროპის თითქმის ნებისმიერ წერტილს მისწვდეს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გაზრდილ მანძილზე დარტყმის განხორციელებას შესაძლოა უფრო მცირე ქობინის გამოყენება დასჭირდეს, რაც პოტენციურ ზიანს შეამცირებს.
ისრაელის ოფიციალური პირები ევროპას ირანის საფრთხის შესახებ არაერთხელ აფრთხილებდნენ.
გამოცემასთან საუბრისას რეჟიმთან დაახლოებულმა პირებმა ასევე განიხილეს ჰორმუზის სრუტის ქვეშ გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების შესაძლებლობა, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო სისტემების მუშაობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს იერიშების ახალი ტალღის დაწყების შემთხვევაში, ირანს საპასუხო მოქმედებებზე "არანაირი შეზღუდვა" არ ექნება. "თუ აშშ ძალიან შორს წავა, ირანი თავს ნებისმიერ ფასად დაიცავს, გასცდება რეგიონს და ევროპასაც დაარტყამს" - თქვა მან.
მეორე წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა უფრო ფართო საპასუხო მოქმედებებს გამოიწვევდა. მან მაგალითად მოიყვანა იორდანიაზე თავდასხმა, რომლის დროსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და აღნიშნა, რომ ეს თეირანის შესაძლებლობების დემონსტრირებას წარმოადგენდა.
"ეს ასევე იყო გზავნილი ევროპისთვის: რაკეტები მათაც მისწვდებათ, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომელ მხარეს უნდა დადგეს ამ ომში. დიდმა შეცდომამ, მაგალითად, ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმამ, შესაძლოა ომი რეგიონის ფარგლებს გასცდეს და ევროპამდეც მიაღწიოს" - განაცხადა წყარომ.