რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენაში სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai Engineering and Constructionი ჩაერთვება. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება.

შეთანხმების თანახმად, Hyundai E&C ბორისპოლის აეროპორტის ასაფრენ ბილიკებს და ახალ სატვირთო ტერმინალს განაახლებს.

კომპანია ამჟამად სატვირთო ტერმინალის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს.

Hyundai E&C-მ განაცხადა, რომ გამოიყენებს იმ ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას, რომელიც ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტში, სინგაპურის ჩანგის აეროპორტსა და პერუს ჩინჩეროს საერთაშორისო აეროპორტში სამშენებლო პროექტებში მონაწილეობისას მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების პროექტთან ერთად, Hyundai E&C სხვა ინდუსტრიებში სარემონტო პროექტებსაც შეუერთდება.

„Hyundai E&C ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა აღადგინოს არა მხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები და რკინიგზა, არამედ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იუნ იონგ ჯუნმა.