ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ფასები მკვეთრად გაზარდა, რამაც, თავის მხრივ, იმ ექსპორტიორების შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი, რომლებსაც უსაფრთხო მარშრუტები აქვთ. ამის საპირისპიროდ, მკვეთრად შემცირა სპარსეთის ყურის იმ ნავთობმწარმოებელი ქვეყნების შემოსავლები, რომელთა ტვირთებიც ჰორმუზის სრუტეშია „გაჭედილი“.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მედია-საშუალებების წარმომადგენლებს ესაუბრება. ვაშინგტონი, 2026 წლის 13 აპრილიWIN MCNAMEE / Getty Images via AFP
ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ბაზარზე აშკარა გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოკვეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხებით გამოწვეულმა პანიკამ „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 2025 წლის დეკემბრის საშუალო მაჩვენებლიდან - 57.26 აშშ დოლარი - 9 მარტს დაფიქსირებულ დღიურ მაქსიმუმამდე -119.50 დოლარამდე გაზარდა.
პირველი დიდი ნახტომი 2026 წლის 28 თებერვალს, ირანის ობიექტებზე დარტყმების დაწყებისთანავე მოხდა, როდესაც ფასები მყისიერად, ბარელზე 69.20 დოლარამდე გაიზარდა. ამას მოჰყვა უფრო მკვეთრი ზრდა მარტში მას შემდეგ, რაც ირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელზეც გლობალური თხევადი საწვავის მიწოდების ერთი მეხუთედი მოდის. ანალიტიკოსებმა ფასის ნახტომი არა მხოლოდ ყურის ქვეყნებიდან საწვავის მიწოდების შეწყვეტას, არამედ მკვეთრად გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებსაც მიაწერეს.
მოგების მიხედვით, ყველაზე დიდი ბენეფიციარები აღმოჩნდნენ შეერთებული შტატები და რუსეთი, რომელთაგან თითოეულმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის დამატებითი ყოველთვიური შემოსავალი მიიღო, ასევე ირანი, რომელმაც პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ინტერვენციის მთავარი სამიზნე იყო, ირანმა ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 37%-ით, ანუ თვეში დაახლოებით 850 მილიონი დოლარით გაზარდა. ეს ზრდა იმან განაპირობა, რომ ირანული ტანკერები კვლავ აღწევდნენ ჩინეთამდე და თეირანმა ნავთობის გაყიდვა საბაზრო ფასებში მოახერხა და არა იმ დიდი ფასდაკლებით, რის გაკეთებასაც ადრე დასავლური სანქციები აიძულებდა.
ყველაზე დიდი ფულადი მოგება შეერთებულმა შტატებმა მიიღო. დღიურად დაახლოებით 13.6 მილიონი ბარელის მოპოვების პირობებში, აშშ-ის მწარმოებლებმა მარტში შემოსავალი, წინა თვესთან შედარებით, 5 მილიარდი დოლარით გაზარდეს (25%-იანი ზრდა), რადგან ევროპისა და აზიის ბაზრებს ისინი ამარაგებდნენ.
ასევე ისარგებლა რუსეთმა, რადგან მაღალმა ფასებმა მისი „ურალსის“ მარკის ნავთობზე დაწესებული ფასდაკლებები უკვალოდ გააქრო. ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ენერგომატარებლების ინდოეთსა და ჩინეთში გადამისამართებით, მოსკოვმა 5 მილიარდ დოლარამდე დამატებითი ყოველთვიური მოგება ნახა.
სხვა მწარმოებლებს შორის გამოსაყოფია ნორვეგიაც, რომლის შემოსავალი 35%-ით გაიზარდა (თვეში თითქმის 2 მილიარდი დოლარი), აგრეთვე ბრაზილია, რომლის დამატებითმა შემოსავალმა თვეში 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რადგან ღრმაწყლოვანი საბადოებიდან რეკორდულმა მოპოვებამ ამ ქვეყანას ექსპორტის გაზრდის საშუალება მისცა.
აფრიკაში ლიბიამ წარმოება დღეში 1.43 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მარტის თვეში ქვეყანას 2 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანა. ნიგერიამ, ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო წარმოების შემცირების (1.43-დან 1.41 მილიონ ბარელამდე) მიუხედავად, 100 დოლარს გადაცდენილი მაღალი ფასებით სარგებლის მიღება მაინც მოახერხა. ბიუჯეტით გათვალისწინებული 64.85 მილიონი დოლარის ნაცვლად, ნიგერია დღეში ამაზე 55.5 მილიონი დოლარით მეტს გამოიმუშავებდა, რამაც თვის განმავლობაში თითქმის 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა და როიალტიდან მიღებული შემოსავალი 88%-ით გაიზარდა.
ყველაზე მძიმე დანაკარგები იმ ექსპორტიორებმა განიცადეს, რომლებიც ბლოკირებული სპარსეთის ყურის მარშრუტზე იყვნენ დამოკიდებულნი. ერაყმა თავისი სამხრეთ პორტების მეშვეობით გლობალურ ბაზრებზე წვდომა დაკარგა, რამაც მისი საექსპორტო შემოსავალი 76%-ით შეამცირა და ომამდელ პერიოდთან შედარებით, თვეში დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარით აზარალა. ნავთობით ვაჭრობიდან მიღებული ქუვეითის შემოსავალი კი 73%-ით დაეცა, რამაც ქვეყნის ყოველთვიურ ბიუჯეტში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტი წარმოშვა.
საუდის არაბეთის მდგომარეობა არაერთგვაროვანია: რეგიონული მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ, წარმოება დღეში თითქმის 10 მილიონი ბარელით შეემცირებინათ, საუდის არაბეთის ექსპორტი კი მარტში, წინა თვესთან შედარებით, 39%-ით დაეცა. თუმცა, Saudi Aramco-მ აზიელ მყიდველებს რეკორდული „ომის პრემია“ დაუწესა და ოფიციალური გასაყიდი ფასები საბაზრო ნიშნულზე 19.50 დოლარზე მეტით გაზარდა. ეს საუდის არაბეთს დაეხმარა, რომ შემოსავლის ყოველთვიური ზრდა (558 მილიონი დოლარის ოდენობით) დაეფიქსირებინა.
ფასების ნახტომისებურად ზრდამ მაღალი თვითღირებულების მქონე წარმოების აღორძინებაც გამოიწვია. აშშ-ის ფიქლის სექტორში, განსაკუთრებით პერმიანის აუზში (Permian Basin), ახალი ჭაბურღილები, ბარელზე 60-დან 68 დოლარამდე ფასის პირობებში, მომგებიანი გახადა. მას შემდეგ, რაც ფასებმა 100 დოლარს გადააჭარბა და მწარმოებლები ბარელზე 40 დოლარზე მეტ მოგებას იღებდნენ, მათ სასწრაფად აამოქმედეს „DUC“-ები - ჭაბურღილები, რომლებიც უკვე გაბურღული იყო, მაგრამ ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ იყო შესული.
მაღალმა ფასებმა ასევე გაზარდა მარჟა კანადის ნავთობის ქვიშებში, სადაც თანამედროვე პროექტების ამოქმედებას, ზოგადად, ბარელზე 41 დოლარზე მეტი სჭირდება, და ბრაზილიის ოფშორულ „მარილქვეშა“ (pre-salt) საბადოებზე, სადაც თვითღირებულების დაფარვის ზღვარი დაახლოებით 35-40 დოლარია.
ნორვეგია ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან მწარმოებლად დარჩა. იოჰან სვერდრუპის (Johan Sverdrup) საბადოზე თვითღირებულების სრული დაფარვის ფასი 20 დოლარზე ნაკლებია, ხოლო ერთი ბარელის წარმოების ფიზიკური ხარჯი 2 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
საუდის არაბეთი, მიუხედავად იმისა, რომ ბარელ ნავთობს დაახლოებით 3.50 დოლარად მოიპოვებს, გაცილებით მაღალი ფისკალური „წაუგებელი ზღვრის“ წინაშე დგას. ბიუჯეტის დასაბალანსებლად, სამეფოს სჭირდება, რომ ნავთობი 86.60 დოლარი ღირდეს, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დამოკიდებულნი რჩებიან სპარსეთის ყურის მწარმოებლები ნავთობის მაღალ ფასებზე.
წყარო: „პოლონეთის რადიო“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი