პენტაგონსა და Google-ის თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, როგორ იცვლება თანამედროვე თავდაცვა და რომელი ქვეყნები ფლობენ მსოფლიოში ყველაზე „სმარტ“ სამხედრო სისტემებს.
თანამედროვე მსოფლიოში დღეს დღეს ნაკლებად აინტერესებს „ვის აქვს ძლიერი არმია“, მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, თუ ვის აქვს ყველაზე ჭკვიანი (AI-driven / tech-driven) თავდაცვა მსოფლიოში. ეს უკვე ახალი ეპოქის ომია — სადაც ტანკზე წინ დგას მონაცემი, AI, თანამგზავრი, დრონი და კიბერ შესაძლებლობა.
დიახ, დღეს ომის შედეგს მხოლოდ ტანკების, ჯარისკაცების ან ავიაციის რაოდენობა აღარ განსაზღვრავს — გადამწყვეტი ხდება ხელოვნური ინტელექტი, დრონები, კიბერუსაფრთხოება, თანამგზავრული დაზვერვა, ელექტრონული ომი და ბრძოლის ველზე ინფორმაციის წამებში დამუშავების უნარი.
სწორედ ამიტომ აშშ დღესაც ლიდერად მიიჩნევა, რადგან სამხედრო ძალას უდიდესი ტექნოლოგიური ეკოსისტემა ამაგრებს — Pentagon თანამშრომლობს Google-თან, Microsoft-თან, Amazon-თან და სხვა გიგანტებთან.
სწრაფად იზრდება ჩინეთიც, რომელიც ინვესტირებს ხელოვნურ ინტელექტში, ჰიპერბგერით იარაღში და მასობრივ დრონულ ტექნოლოგიებში.
ისრაელი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მაგალითად რჩება Iron Dome-ის, კიბერშესაძლებლობებისა და მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის გამო.
ხოლო თურქეთმა და უკრაინამ ბოლო წლებში აჩვენეს, როგორ შეუძლია ინოვაციას და შედარებით იაფ ტექნოლოგიას ტრადიციული ძალების დაბალანსება.
ფაქტები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიურად ძლიერი თავდაცვა მხოლოდ იარაღის რაოდენობით აღარ იზომება. შესაბამისად, დღეს მთავარი ხდება, ვინ რამდენ რესურსს ხარჯავს ხელოვნურ ინტელექტზე, დრონებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, თანამგზავრულ დაზვერვაზე და ახალი თაობის სამხედრო სისტემებზე. უ
ახლესი მონაცემებით, ლიდერად კვლავ აშშ რჩება, რომლის სამხედრო ბიუჯეტმა 2024 წელს დაახლოებით 997 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიოს მთლიანი სამხედრო ხარჯების 37%-ია. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია AI სისტემებზე, Project Maven-ის მსგავს პროგრამებზე, უპილოტო ტექნოლოგიებზე, კოსმოსურ თავდაცვაზე და კიბერშესაძლებლობებზე.
მეორე ადგილზეა ინეთი — დაახლოებით 314 მილიარდი დოლარით. პეკინი მასიურად აფინანსებს სამხედრო მოდერნიზაციას, ჰიპერბგერით იარაღს, საზღვაო ძალებს, კიბერუსაფრთხოებასა და AI-ინტეგრირებულ სისტემებს. ჩინეთი განსაკუთრებით სწრაფად ზრდის ტექნოლოგიურ თავდაცვას და უკვე პირდაპირ კონკურენციაშია აშშ-სთან.
ევროპაში გამორჩეულია გერმანია (88.5 მლრდ), დიდი ბრიტანეთი (81.8 მლრდ) და საფრანგეთი (64.7 მლრდ), რომლებიც ფულს ხარჯავენ საჰაერო თავდაცვაზე, კიბერუსაფრთხოებასა და სამხედრო AI-ზე, პარალელურად, NATO-ს სტანდარტების გაძლიერებაზე.
განსაკუთრებული შემთხვევაა ისრაელი — შედარებით მცირე ქვეყნისთვის უზარმაზარი სამხედრო ინვესტიციით. 2024 წელს მისი თავდაცვითი ხარჯი 46.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც GDP-ის დაახლოებით 8.8%-ია. ეს თანხა მიდის Iron Dome-ზე, სარაკეტო თავდაცვაზე, დაზვერვაზე, კიბერშესაძლებლობებზე და რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდილი ტექნოლოგიების განვითარებაზე.
რუსეტმა 2024 წელს თავდაცვა-შეიარაღებაზე დაახლოებით 149 მილიარდი დოლარი დახარჯა. მიუხედავად დიდი ბიუჯეტისა, აქცენტი უფრო მასობრივ წარმოებაზე, რაკეტებზე, ბირთვულ სისტემებსა და ელექტრონულ ომზე კეთდება, მაშინ როცა AI და მიკროჩიპების მიმართულებით დასავლეთს ეს ქვეყანა მნიშვნელოვნადფ ჩამორცება.
გამოდის, რომ ყველაზე მეტს "ჭკვიან თავდაცვაზე" აშშ ხარჯავს. ის ნომერი პირველია ამგვარი ეკოსისტემით, მას მცირედით ჩამორცება ჩინეთი, ისრაელი კი ეფექტიანობის ჩემპიონია.
ისრაელის „რკინის გუმბათი“ — Iron Dome — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება. იგი შეიქმნა მოკლე რადიუსის რაკეტების, ნაღმტყორცნების და დრონების მოსაგერიებლად. სისტემა მუშაობს რამდენიმე წამში: რადარი აფიქსირებს საფრთხეს, ითვლის ტრაექტორიას და თუ რაკეტა დასახლებულ ან სტრატეგიულ ზონას ემუქრება, უშვებს ჩამომგდებ Tamir interceptor-ს. ოფიციალური შეფასებებით, სისტემის ეფექტიანობა 90 პროცენტს აჭარბებს.
ფასის მხრივ, ერთი სრულფასოვანი Iron Dome battery დაახლოებით 50-100 მილიონ დოლარამდე ფასდება, ხოლო ერთი Tamir interceptor საშუალოდ 40,000-80,000 დოლარი ღირს. ამიტომ მასშტაბური შეტევის მოგერიება ტექნოლოგიურად ეფექტიანია, თუმცა ფინანსურად ძვირი.
ისრაელის ცა მხოლოდ Iron Dome-ით არ არის დაცული. ქვეყანას აქვს მრავალშრიანი თავდაცვითი სისტემა: Iron Dome მუშაობს მოკლე რადიუსზე, David’s Sling საშუალო მანძილზე, ხოლო Arrow 2 და Arrow 3 ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ატმოსფეროს გარეთაც. სწორედ ამიტომ ისრაელის საჰაერო ფარი ხშირად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სისტემად სახელდება.
მსგავსი „დაცული ცის“ მოდელები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. აშშ იყენებს Patriot, THAAD და Aegis სისტემებს; სამხრეთ კორეა ავითარებს საკუთარ მრავალშრიან თავდაცვას ჩრდილოეთ კორეის საფრთხის გამო; საუდის არაბეთი და UAE ამერიკულ სისტემებს ეყრდნობიან; თურქეთი კი ქმნის საკუთარ Steel Dome პროექტს, რომლის გაძლიერებაზე მილიარდობით დოლარის კონტრაქტებია გაფორმებული.
ისრაელის შემდეგი ეტაპი უკვე Iron Beam-ია — ლაზერული თავდაცვითი სისტემა, რომელიც რაკეტისა და დრონის ჩამოგდებას ბევრად იაფად შეძლებს, რადგან ძვირადღირებული რაკეტის ნაცვლად ენერგიას იყენებს.
გზავნილი პატარა სახელმწიფოებს:
პატარა ქვეყანას შეუძლებელია დიდი სახელმწიფოების ბიუჯეტებით კონკურენცია, მაგრამ შესაძლებელია „სმარტ თავდაცვით“ გაძლიერება — დრონებით, საჰაერო მონიტორინგით, კიბერუსაფრთხოებით, საზღვრის ციფრული კონტროლით და პარტნიორებთან ინტეგრირებული ტექნოლოგიური სისტემებით. დღევანდელ რეალობაში საქართველოსთვის ყველაზე რეალისტური ფორმულაა: ნაკლები რაოდენობა, მეტი ტექნოლოგია.
თანამედროვე სამხედრო ლოგიკა ასეთია: იმარჯვებს არა ის, ვისაც მეტი ტექნიკა ჰყავს, არამედ ის, ვინც სწრაფად ხედავს საფრთხეს, ამუშავებს ინფორმაციას და რეაგირებს. სწორედ ამიტომ მცირე და საშუალო ქვეყნებისთვის „სმარტ თავდაცვა“ ხშირად უფრო რეალისტური და ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ ძვირადღირებულ მძიმე შეიარაღებაზე დამოკიდებულება.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა — რთულ რეგიონში მდებარე ქვეყნისთვის სტრატეგიული უპირატესობა შეიძლება გახდეს არა რაოდენობრივი სამხედრო ძალა, არამედ დრონები, საჰაერო მონიტორინგი, კიბერუსაფრთხოება, საზღვრის ციფრული კონტროლი, სწრაფი დაზვერვა და პარტნიორებთან ინტეგრირებული ტექნოლოგიური თავდაცვა.
დღევანდელ რეალობაში საქართველოსთვის და მისი მსგავსი პატარა ეკონომიკისთვის მთავარი დილემაა: ვიყიდოთ მეტი რკინა, თუ ავაშენოთ უფრო ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემა.
წყაროები:
https://ofac.treasury.gov/sanctions-programs-and-country-information/belarus-sanctions
https://ofac.treasury.gov/recent-actions/20260326
https://home.treasury.gov/news/press-releases
https://www.reuters.com/world/middle-east/how-israels-iron-dome-works-2024-04-14/
https://www.reuters.com/business/aerospace-defense/israeli-anti-missile-laser-system-iron-beam-ready-military-use-this-year-2025-09-17/
https://www.missiledefenseadvocacy.org/defense-systems/iron-dome-israel/
https://www.missiledefenseadvocacy.org/defense-systems/arrow-israel/
https://www.aspistrategist.org.au/for-air-and-missile-defence-israel-offers-the-economic-solutions/