ევროზონის ქვეყნების ბანკებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, ევროპის ცენტრალური ბანკი ოპერაციების შეჩერებისა და რუსეთის სწრაფად დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბანკები დარჩნენ ფოკუსირებულნი თავიანთი რისკების შემდგომ შემცირებაზე და, იდეალურ შემთხვევაში, ბაზრიდან რაც შეიძლება სწრაფად გავიდნენ“, - ამის შესახებ ECB სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ანდრეა ენრიამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ერთ წელზე მეტი ხნის ომის მიუხედავად, რამდენიმე ევროპული ბანკი, კერძოდ ავსტრიული Raiffeisen Bank და იტალიური UniCredit, აგრძელებენ ფულის გამომუშავებას რუსეთში.

მედიის ცნობით, ავსტრიულმა ბანკმა 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 301 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტია.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) რუსეთის ფედერაციაში მუშაობის გამო ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა ავსტრიული საბანკო ჯგუფი Raiffeisen.