ევროკავშირი ავტომობილების სიჩქარის ავტომატურად შეზღუდვას განიხილავს - ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.
ევროკომისია, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილავს ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ავტომობილის მდებარეობის, საგზაო ნიშნებისა და ციფრული რუკების მონაცემების საფუძველზე სიჩქარის მოქმედ ლიმიტს განსაზღვრავს და მისი გადაჭარბებისას მანქანის სიმძლავრეს ავტომატურად შეამცირებს. თუმცა, ევროკავშირის ინსტიტუტებს მსგავსი სავალდებულო სისტემის შემოღების შესახებ ოფიციალური საკანონმდებლო წინადადება ამ ეტაპზე არ გამოუქვეყნებიათ.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, საუბარია მოქმედი Intelligent Speed Assistance-ის — ISA-ს უფრო მკაცრ ვერსიაზე. სისტემა შესაძლოა GPS-ის, კამერებისა და ციფრული საგზაო რუკების კომბინაციით მუშაობდეს და ავტომობილს დადგენილ ლიმიტზე სწრაფად გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდეს. გავრცელებულ ინფორმაციაში შესაძლო სამიზნე პერიოდად 2030 წელიც სახელდება, თუმცა ეს თარიღიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ISA-ს მოქმედი ვერსია ევროკავშირში უკვე სავალდებულოა: 2024 წლის 7 ივლისიდან ევროკავშირის ბაზარზე რეგისტრირებული ყველა ახალი ავტომობილი შესაბამისი დამხმარე სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. ტექნოლოგია კამერებით, სანავიგაციო მონაცემებით ან მათი კომბინაციით გზაზე მოქმედ სიჩქარის შეზღუდვას ადგენს და ლიმიტის გადაჭარბებისას მძღოლს ხმოვანი, ვიზუალური ან აქსელერატორის პედლის საშუალებით აფრთხილებს.
მოქმედი რეგულაციით, ISA მძღოლის დამხმარე და არა ავტომობილის დისტანციური მართვის სისტემაა. ავტომობილის სიჩქარეზე საბოლოო კონტროლს კვლავ მძღოლი ინარჩუნებს, მას სისტემის გაფრთხილების დაძლევა შეუძლია და ISA-ს გამორთვის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს, თუმცა ავტომობილის ყოველი ხელახლა დაქოქვისას ფუნქცია ავტომატურად აქტიურდება.
სიჩქარის იძულებითი შეზღუდვის შესაძლო დანერგვას ტექნიკური და სამართლებრივი კითხვებიც ახლავს. არსებული ISA სისტემების მუშაობა დამოკიდებულია საგზაო ნიშნების სწორად ამოცნობასა და ციფრული რუკების სიზუსტეზე. არასწორმა ან მოძველებულმა მონაცემმა შესაძლოა ავტომობილს შეუსაბამო სიჩქარის ლიმიტი მიაწოდოს, რაც ავტომატური ჩარევის შემთხვევაში დამატებით უსაფრთხოების რისკებს შექმნის.
საკითხი ასევე უკავშირდება მძღოლის პასუხისმგებლობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, კიბერუსაფრთხოებასა და ავტომობილის მართვაში სახელმწიფოს ჩარევის დასაშვებ ფარგლებს. შესაბამისად, სატელიტის საშუალებით სიჩქარის იძულებითი შეზღუდვა ჯერჯერობით განხილვის დონეზე გავრცელებული ინფორმაციაა და არა ევროკავშირში დამტკიცებული ან ძალაში შესული წესი.