ევროკავშირი კიევის ბოლო მეგობარია, ამიტომ ზელენსკისთვის უკეთესი იქნება, თუ ნაკლებს ილაპარაკებს, – ბრიტანული გამოცემის. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ასე რეაგირებენ ბრიუსელში უკრაინის გეგმებზე, რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.

როგორც კვიპროსში გამართული ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ შვიდმა წყარომ „ფაინენშალ თაიმსს“ აცნობა, ვოლოდიმირ ზელენსკის ურთიერთობები მოკავშირეებთან გაუარესდა იმის გამო, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ბლოკში, მაშინ როდესაც ვაშინგტონი განიხილავს, გააგრძელოს თუ არა კიევის მხარდაჭერა.

წყაროების თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები ევროკავშირსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იყენებდნენ ევროკომისიის კრიტიკისთვის გაფართოების ნელი ტემპის გამო და უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვდნენ. მათივე ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ბრიუსელს უკრაინა ევროკავშირში არანაკლებ სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირში შესვლა.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ასეთ მიდგომაზე ევროკავშირში ნეგატიური რეაქციები აქვთ. წყაროების ცნობით, ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობა საჩუქარი არ არის. როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა, კიევში ამ საკითხზე გარკვეული გაუგებრობა არსებობს.

გამოცემის წყაროების ცნობით, „ზელენსკისა და მის გარემოცვას არასდროს ესმოდა ბოლომდე, როგორ მუშაობს გაფართოების პროცესი და ეს რეალური პრობლემაა“.

ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, „კიევში ამბობენ, რომ ევროპა მათთან ვალშია. ასეთი მიდგომა კი არ ეხმარება საქმეს“.

„უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ. ზელენსკი მოითხოვდა, რომ უკრაინა ბლოკში უკვე 2027 წელს მიეღოთ. ევროკომისიამ შესთავაზა, უკრაინა თავდაპირველად ნომინალურად გამხდარიყო წევრი, შემდეგ კი, საჭირო რეფორმების გატარების პარალელურად, ეტაპობრივად მიეღო სხვადასხვა სარგებელი“, – ნათქვამია „ფაინენშალ თაიმსის“  სტატიაში.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ უკრაინის ეტაპობრივ გაწევრიანებას, რაც შესაძლოა, სულ მცირე, ცხრა წელი გაგრძელდეს. ზელენსკიმ კი აპრილში განაცხადა, რომ უკრაინას არა სიმბოლური, არამედ სრულფასოვანი წევრობა სჭირდება.

გამოცემის წყაროების განცხადებით, კვიპროსის სამიტზე ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა სცადა ზელენსკისთვის მოლოდინების შემცირება.

„მას მოუწია რამდენიმე მკაცრი სიმართლის მოსმენა. ეს ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც მას ჰგონია“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემასთან საუბარში წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინა ნელი ტემპით ატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა.

„მათი შიდა რეფორმები ჩიხში შევიდა. ეს ცუდია და ეს ყველამ იცის“, – განაცხადეს წყაროებმა.

ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა აღნიშნა, რომ ესმით, რა ზეწოლის ქვეშ იმყოფება ზელენსკი ოთხწლიანი ომის შემდეგ, თუმცა, მათი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს,  მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინის პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარება შეწყვიტა, ხოლო სამშვიდობო პროცესი დიდ ჩიხში შევიდა, ევროკავშირი კიევის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩა.

„ჩვენ ზელენსკის ერთადერთი მეგობრები ვართ. ამიტომ, შესაძლოა, მისთვის უკეთესი იყოს, პირი დახუროს“, – განუცხადა „ფაინენშალ თაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

1tv.ge