ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, ინფლაციის ზრდის რისკი არ იკვეთება.

დუნდუა ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანი შემოსავლების გაუმჯობესების შემთხვევაში, ფასების ზრდის ეფექტი დაბალანსდება.

„ყველა საერთაშორისო შემფასებელი, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ტარდება ქვეყანაში, უზრუნველყოფს და ყველაზე უკეთ დაიცავს ფასების სტაბილურობას. ინფლაციის გაზრდის მოლოდინი არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს და არც ჩვენ გვაქვს. თუ რეალური ეკონომიკა გაიზარდა და მსყიდველუნარიანი შემოსავალი გაუმჯობესდა, ამ შემთხვევაში ფასების ზრდის ეფექტს შთანთქავს შემოსავლების ზრდის ეფექტი. სახელმწიფო არ აკლებს ზრუნვას – მაკროეკონომიკური პოლიტიკა გამართულია და საჭიროების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვისაც მზად ვართ“, - აღნიშნა დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდაა, რაც მოკლევადიან პერიოდშიც მიღწევად მიზნად განიხილება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი