კიევის მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირება „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მაშინ, როცა მას ყურადღება ირანის კრიზისიდან კვლავ რუსეთ-უკრაინის ომზე გადააქვს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ტრამპმა საფრანგეთში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, განაცხადა, რომ ყურადღებას უკრაინაში ომის მოგვარებაზე გაამახვილებს და ახლა ამისთვის დრო ექნება.

„ახლა, როდესაც ეს [ირანის საკითხი] დასრულდა, ჩვენ [უკრაინაზე] გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება“, - განაცხადა ტრამპმა მაკრონთან შეხვედრის დროს.

POLITICO წერს, რომ ეს სიტყვები ევროპაში უკრაინის მთავარი მხარდამჭერებისთვის დამამშვიდებელი არ არის. კულისებში ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება შეეცადოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლის აღდგენას, მათ განზე გაწევას და რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის მათი სტრატეგიის ჩაშლას.

„ტრამპის ყურადღების გაფანტვა სულაც არ იყო ცუდი რამ“, - განაცხადა ევროკავშირელმა დიპლომატმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

POLITICO წერს, რომ ევროპელების შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე მასთან დონალდ ტრამპის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო.

„გუშინ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან და ვხედავ - შესაძლოა, ამ მხრივ რამე გავაკეთოთ. ვფიქრობ, ორივე მათგანი ძალიან ღიაა ამისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ევროპაში ასევე შეშფოთდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მალე მოსკოვს ეწვევიან.

როგორც გამოცემა წერს, კიდევ ერთი ცხელი საკითხია, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს მომავალ მოლაპარაკებებს და რა მიდგომა უნდა გამოიყენონ მათ. ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე მოითხოვა, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან არა შუამავლის, არამედ საერთო ინტერესების მქონე მოკავშირის როლში უნდა იყოს.

ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე განაცხადეს, რომ მათ სურთ აშშ-ის მხარდაჭერა მოლაპარაკების საერთო ძლიერი პოზიციით- კიევის მიერ ტერიტორიის დათმობის შესახებ ნებისმიერი ვარაუდის უარყოფით.

POLITICO წერს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გასულ კვირას მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობისკენ პირველი ფრთხილი ნაბიჯები გადადგეს და თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნეს მოსკოვში, რათა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან ესაუბრათ.

ტრიომ ფრთხილი მიდგომა გამოიჩინა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის ლიდერების მოთხოვნები სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემისა და ნებისმიერი მოლაპარაკებების საწყის წერტილად ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გამოყენების შესახებ.

„მაგრამ თუ ტრამპი ჩაერთვება, შესაძლოა, მან არ გაიზიაროს ევროპის შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები - ან საერთოდ არ მოისურვოს მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დარჩენა“, - წერს POLITICO.

www.interpressnews.ge