2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).

2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836.0 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 234.7 ლარი (9.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.