„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავა მარცვლეულის აღების პროცესი შეაფასა. მისი თქმით, მარცვლეულის აღება შედარებით გვიან იწყება, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზიც კლიმატური პირობებია, რომელმაც ფერმერებს გამოწვევები შეუქმნა.

ხორბლის მოსავლის აღებამ ცოტათი დაიგვიანა კლიმატური პირობებიდან, კერძოდ, წვიმებიდან გამომდინარე. არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსავლის წლევანდელი პროგნოზი საშუალო სტატისტიკურთან ახლოსაა, საუბარია 200 ათასი ტონის მოლოდინზე. სავარაუდოდ დღეს მოსავლის ნაწილში საფურაჟე ხორბალი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სასურსათო.  სამწუხაროდ წვიმებმა ხორბლის აღების პროცესს თავისი დაღი დაასვა“.  - ამბობს ლევან სილაგავა.

წინა წლების მსგავსად, წელსაც ერთ-ერთი გამოწვევა ფასების ნაწილია, უფრო კონკრეტულად, ფერმერებისთვის ხორბლის ჩასაბარებელი სასურველი ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე წისქვილკომბინატებს აქვთ გაანგარიშებული. ლევან სილაგავას თქმით, ეს გამოწვევა შეიძლება გადაიჭრას შესაბამისი შტაბის არსებობით, რომელიც კოორდინაციასა და ხორბლის დაბინავების მიმართულებით იმუშავებს.

„ახლა ისეთი პერიოდია, რომ გლობალურად ხდება მოსავლის აღება, რაც შესაბამისად ფასებს აწვება და ამცირებს. ტრადიციულად ფასების პრობლემა ჩვენთან კვლავ არსებობს, ვგულისხმობ იმას, რომ ფერმერების მიერ შემოთავაზებული ჩასაბარებელი ფასი კვლავ მაღალია იმპორტულთან შედარებით. ამ სიტუაციაში გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ შეიქმნას შტაბი, რომელიც ყოველწლიურად ისედაც გვაქვს ხოლმე. შტაბი უზრუნველყოფს კოორდინაციასა და ხორბლის დაბინავებას, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს მაშინ მოახდინონ პროდუქტის რეალიზება, როდესაც ფასები გაიზრდება, არის პროგნოზები რომ ფასების ზრდის პროცესი იანვრიდან დაიწყება“. - აცხადებს ლევან სილაგავა.