პეკინი აპირებს გარკვეული ზომები მიიღოს  ევროპული ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად კონიაკის ქვეყანაში შეტანასთან დაკავშირებით.

პეკინის გეგმით, ევროკავშირის კომპანიებისთვის საბაჟო გადასახადმა შესაძლოა 39%-ს მიაღწიოს, რაც ობლიგაციების სახით იქნება გაზრდილი. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ევროპის ბიზნეს სექტორი დააზარალოს.

"ეს დიდ ზარალს გამოიწვევს, რადგან ჩინეთი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია. 2023 წელს ჩვენ ჩინეთში ექსპორტზე ალკოჰოლური სასმელები გავგზავნეთ, რომლის ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი ევროა, ამ ღირებულების 90%-ს ძირითადად კონიაკი შეადგენდა“ –  ასე აფასებს ამ ინიციატივას spirits EUROPE-ის მმართველი დირექტორი ულრიხ ადამი.

ცნობისთვის, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ დააწესებს დამატებით საბაჟო გადასახადებს ჩინურ ელექტრომობილებზე. ჩინეთის ბაზარზე საფრთხე ემუქრება სხვა ევროპულ პროდუქციასაც, როგორიც არის რძისა და ხორცის პროდუქტები.  ზოგიერთი ევროპარლამენტარი უკვე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ ერთიანი სამუშაო გეგმა.

,,ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორც ერთიანმა ბლოკმა. თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, მომავალში ჩვენ დავზარალდებით და მსოფლიოს სხვა ქვეყნები გადაგვისწრებენ, რადგან უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბაზრის ძალა. ეს ევროპის ერთიანობის ერთგვარი გამოცდა. მე ვფიქრობ, რომ ერთიანობის გარეშე განწირულები ვართ. თითოეული ჩვენი წევრი ქვეყანა ერიდება ,,სავაჭრო ომს“ ჩინეთთან“ – ამბობს ევროპარლამენტარი ბრანდო ბენიფეი.

ევროკომისია ჩინეთის გადაწყვეტილება სმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ეს ზომები უსაფუძვლოა“, თუმცა, მოლაპარაკებები ორ პარტნიორს შორის, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე განახლდება.

ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილებისთვის დამატებითი ტარიფები დააწესა. დამატებითი ტარიფები მიზნად სუბსიდიების მავნე ზემოქმედების დაბალანსებას და ჩინურ და ევროკავშირის ავტომწარმოებლებს შორის ფასების სხვაობის შემცირებას ისახავს. დამატებითი ტარიფები სხვადასხვა ბრენდისთვის სხვადასხვაგვარია, რაც იმით იხსნება, რომ ავტომწარმოებლები კომისიის მიერ სუბსიდირებული ჩინური ელექტრომობილების შესახებ წარმოებულ გამოძიებასთან სხვადასხვა დოზით თანამშრომლობდნენ.

BYD-ისთვის ახალი დამატებითი ტარიფი 17% იქნება, 18.8%-იანი ტარიფი დაუწესდება Geely-ის, 35.3%-იანი ტარიფი ამოქმედდება SAIC-ისთვის.

ჩინური ელექტრომობილების სხვა მწარმოებლებისთვის, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს, ტარიფი 20.7% იქნება. ხოლო მათ, ვინც თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, 35.3%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. ცვლილება ძალაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა.

ახალი ტარიფები არსებულ 10%-იან ტარიფს დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩინური ავტომწარმოებლისთვის ტარიფი 45%-ზე მაღალი იქნება.

პეკინმა თავიდანვე დაგმო კომისიის გამოძიება, უარყო სუბსიდიების არსებობა და დასკვნებს ხელოვნურად გაზვიადებული უწოდა. პეკინის მუქარამ საპასუხო ზომებთან დაკავშირებით ევროკავშირის არაერთი დედაქალაქი დააფიქრა.

შეგახსენებთ, ჩინურ ელექტრომობილებისთვის საიმპორტო ტარიფის ზრდას შეერთებული შტატებიც გეგმავს. საუბარია ჩინეთიდან იმპორტირებულ სუფთა ენერგეტიკულ პროდუქტებზე ტარიფებისა და ელექტრომობილებზე გადასახადების დაახლოებით ოთხჯერ ზრდაზე. აშშ-ს ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ ელექტრომობილების იმპორტზე და მოსალოდნელია, რომ ტარიფის განაკვეთი 25%-დან დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება.