აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის სავიზო პოლიტიკასა და ვიზების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაუქმდა 67 000-ზე მეტი ვიზა სხვადასხვა მიზეზით.
„ეს არ არის სასჯელი. ჩვენი სავიზო სისტემა ასეთია. ადამიანები, რომელთაც ვუშვებთ ჩვენ ქვეყნის მოსანახულებლად, უნდა შეესაბამებოდნენ ეროვნულ ინტერესებს. ეს ჩვენ თავიდანვე ვთქვით. ეს ერთ-ერთი დირექტივა იყო, რომელიც პრეზიდენტისგან მივიღეთ“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ვიზების გაუქმების რამდენიმე კატეგორია არსებობს.
„ზოგჯერ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ვიზები აქვთ, ისინი შეერთებულ შტატებშიც არიან და აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას. შეიძლება, ისინი აქ არიან, როგორც მკვლევრები. შეიძლება, ისინი აქ არიან… არ მინდა, ვთქვა, როგორც ჟურნალისტები, რადგან თქვენ გაბრაზდებით, მაგრამ შეიძლება, იყოს ნებისმიერი. ვიზა არის სტუმრობისთვის. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ უარს ვიზის გაცემაზე, მთელ მსოფლიოში. ადამიანები მიდიან საელჩოში, ისინი სხედან გასაუბრებაზე და კონსული უარს ეუბნება მათ ვიზაზე, რადგან შესაძლოა, რაღაც მოხდა გასაუბრებაზე, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. ამიტომ, თუ გაქვს უფლება, უარი თქვა ვიზის გაცემაზე, ასევე გაქვს შესაძლებლობა, გააუქმო იგი მას შემდეგ, რაც მას მიიღებენ. არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიზებზე უარს იღებენ, მაგრამ ყველა მათგანი არის იმიტომ, რომ ეს გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ან უსაფრთხოებაზე გარკვეული გზით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიოს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს მკაცრ შემოწმებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანაში შესული ადამიანები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს.
1tv.ge