ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას მოუსმენენ.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ვოლკერ თურქთან ადამიანის უფლებების შესახებ მოსაზრებებს გაცვლიან.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე მინისტრები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც განიხილავენ.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ipn.ge