დღეს სოციალური მედიის მომხმარებელთა უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი ციფრულ სამყაროში ყოფნას პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკეთესი იქნებოდა.
„მინდა, რომ ინტერნეტი არ არსებობდეს“, - ასე ფიქრობს ბრიტანელი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი. ეს დასკვნა სტანდარტების ბრიტანული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარეობს.
კვლევის შედეგები, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ 16-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 70 პროცენტი თავს უფრო ცუდად გრძნობს სოციალური ქსელების მონახულების შემდეგ, ვიდრე მანამდე. მიუხედავად ამისა, ისინი სოციალური ქსელებით სარგებლობას მაინც აგრძელებენ და ამ საქმეს დღეში რამდენიმე საათს უთმობენ.
1 293 რესპონდენტიდან დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ინტერნეტის შეზღუდვას, რომელსაც კვლევის ავტორებმა „ციფრული კომენდანტის საათი“ უწოდეს და რომელიც 22:00 საათის შემდეგ გარკვეულ აპებსა და საიტებზე წვდომას შეზღუდავდა. გამიკითხულთა 46 პროცენტი კი იმაზეც თანახმაა, იცხოვროს სამყაროში, სადაც საერთოდ არ იქნება ინტერნეტი.
დღევანდელი თაობა მჭიდრო კავშირშია ციფრულ სამყაროსთან. დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა მეოთხედმა განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში დღეში ოთხ საათზე მეტს ატარებს. ჩეხეთის რესპუბლიკაშიც [ანალოგიური მდგომარეობაა}(https://www.drogy-info.cz/data/obj_files/35641/1315/Zpr%C3%A1va%20o%20digit%C3%A1ln%C3%ADch%20z%C3%A1vislostech%20v%20%C4%8CR%202024_web.pdf): გასული წლის გამოკითხვის თანახმად, ბავშვების 30%-მდე და მოზარდების თითქმის ნახევარი სოციალურ ქსელებს სარისკო დოზით იყენებს.
ფაქტები: ახალგაზრდა ჩეხები და სოციალური ქსელები
მასარიკის უნივერსიტეტის 2023 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ჩეხები სმარტფონებს დღეში საშუალოდ 4 საათისა და 11 წუთის განმავლობაში მოიხმარენ, ხოლო მოზარდები ტელეფონებს დღეში საშუალოდ 78-ჯერ რთავენ. მოზარდები ასევე საკმაოს დროს - დღეში საშუალოდ 74 წუთს - ატარებენ სოციალურ ქსელებშიც.
2023 წელს ახალგაზრდები ჩეხეთში ყველაზე ხშირად მოიხმარედნნ „ინსტაგრამს“ (დღეში საშუალოდ 39 წუთი) და „ტიკ ტოკს“ (დღეში საშუალოდ 23 წუთი), შემდეგ მოდის „სნაპჩატი“, „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“. დღეში თითქმის ერთი საათი (59 წუთი) იხარჯებოდა ისეთ გასართობ აპებში, როგორიცაა „იუთუბი“, რომელიც გამოიყენება ვიდეო კონტენტის დასაკრავად (დღეში საშუალოდ 42 წუთი), „ნეტფლიქსი“ - ფილმებისა და სატელევიზიო შოუების საყურებლად (დღეში სამი წუთი) და „სპოტიფი“ - მუსიკის მოსასმენად (დღეში ორი წუთი). საკომუნიკაციო აპებიდან მოზარდები ყველაზე ხშირად იყენებდნენ „ფეისბუკ მესენჯერს“ (დღეში საშუალოდ 12 წუთი), „ვოტსაპს“ (დღეში ოთხი წუთი) და „დისკორდს“.
საიდუმლოებები, თავის მოკატუნება და ტყუილი
გარდა ამისა, ბრიტანულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედია ძალიან ხშირად ასოცირდება სიმართლის დამალვასთან, ტყუილთან და სხვა მსგავს პოტენციურად სარისკო აქტივობებთან. ახალგაზრდების ორმოც პროცენტზე მეტი მშობლებისგან მალავს, თუ რას აკეთებს ქსელებში.
გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სოციალურ მედიაში კომუნიკაციის დროს, საკუთარი ასაკის შესახებ იტყუება, 40 პროცენტი აღიარებს, რომ საკუთარ ანგარიშს სატყუარად იყენებს, ხოლო 27 პროცენტი აცხადებს, რომ თავს სხვა პიროვნებად ასაღებს.
გამოკითხულთა სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ინტერნეტში უფრო დიდხანს ყოფნა პანდემიის პერიოდში დაიწყეს, ხოლო 68 პროცენტმა აღიარა, რომ ინტერნეტში გატარებული დრო მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ამ კვლევის მონაცემებს დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია აანალიზებს. ტექნოლოგიების მინისტრმა, პიტერ კაილმა უკვე მიანიშნა, რომ მთავრობა „ტიკ ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ ზოგიერთი აპლიკაციისთვის სავალდებულო ზღვრის შემოღებაზე მუშაობს. თუმცა, როგორც „გარდიანი“ წერს, რადგან მარტივი შეზღუდვები არასოდეს მუშაობს, ამიტომ უფრო კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო.
1tv.ge