საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) დამფუძნებელი ნინო აბსანძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან დეველოპერული კომპანიების დაკრედიტება კვლავ გართულებულია.

BMG tv -ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას დეველოპერული პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვის კომპანია GREA-ს დამფუძნებელმა ბაზარზე როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესის დაკრედიტებაში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ საბანკო რესურსზე წვდომა შედარებით მცირე დეველოპერებს შეზღუდული აქვთ.

„შედარებით მცირე კომპანიებს საბანკო რესურსზე წვდომა ნაკლებად აქვთ. ისინი გაყიდვების სტიმულირებას ძირითადად შიდა განვადებებით ცდილობენ. თუ ადრე ძირითადად უძრავი ქონების ღირებულება დასრულებამდე უნდა დაგეფარა, დღეს ვხდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც 10%-ს გადაიხდი მშენებლობის დაწყებისას, 20% - დასრულებისას, 70%-ს კი ბოლოს. შესაბამისად, თავად დეველოპერული კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს მოქნილ პირობებს და ისინიც ბინის შეძენისას ბანკებს ნაკლებად მიმართავენ“, - განმარტავს აბსანძე.

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენელი საკუთარი კომპანიის პროექტებზე დაკვირვების საფუძველზე აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების ასაღებად ბანკებს დღეს უფრო მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები მიმართავენ.

„დღეს იპოთეკური სესხით სარგებლობა გართულებულია, რადგან იმისთვის რომ დოლარში სესხი აიღო, მისი მოცულობა ვალუტაში უნდა აღემატებოდეს 750 000 დოლარს, ლარში გაძვირებული სესხის პროცენტი კი რა საკვირველია გაზრდილი უძრავი ქონების ღირებულებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება და აქედან გამომდინარე, იპოთეკური სესხის ასაღებად ბანკებს უფრო მაღალშემოსავლიანი კლიენტები მიმართავენ“, - განმარტა ნინო აბსანძემ.

bm.ge