მძღოლებს შესაძლოა ავტომობილში ე.წ. “ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც მათ ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს.
აღნიშნული ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა გათვალისწინებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაგრძელდება პრევენციული და სამართალდამრღვევზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ეფექტურ გამოვლენას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას და მძღოლთა ცნობიერების ამაღლებას.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას მსგავსი მდგომარეობის მქონე მძღოლების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით.
ასევე, გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას. ამდენად, საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას იგეგმება ზემოაღნიშნული კომპონენტის გათვალისწინება“, - ვკითხულობთ მთავრობის სტრატეგიაში.