ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა.

მოსამართლემ ასევე ბოლსონარუს აუკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება და კომუნიკაცია შვილთან, ედუარდო ბოლსონარუსთან, რომელიც მამის მხარდასაჭერად აშშ-ში, ასევე უცხოელ დიპლომატებთან ლობირებს. ამგვარად, ყოფილი პრეზიდენტი 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ იქნება და მას ღამით კომენდანტის საათის დაცვა მოუწევს.

ბოლსონარუს, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2019-2022 წლებში იკავებდა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებას უარყოფს. ჟაირ ბოლსონარუ სასამართლოს მიერ შეფარდებულ შეზღუდვას დამამცირებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არასდროს უფიქრია ბრაზილიის დატოვებაზე. მანამდე, უზენაესი სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლში და მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიურ პროდუქტებზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა და ბოლსონარუსადმი ბრაზილიის ხელისუფლების მოპყრობა გააკრიტიკა. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ბოლსონარუს გაუგზავნა. წერილში ტრამპი ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის მიზანი ბოლსონარუსთვის ბრალის მოსახსნელად ბრაზილიის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებაა. თავის მხრივ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილია არის სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტებით და არავინ დგას კანონზე მაღლა.

ბოლსონარუს და კიდევ შვიდი პირის წინააღმდეგ დაწყებული საქმე უკავშირდება მოვლენებს, როცა 2023 წლის იანვარში, ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, დემოკრატიული სამართალწესრიგის ძალადობრივი დამხობის მცდელობასა და არქიტექტურის ძეგლების დაზიანებაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რათა 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მიერ კენჭისყრა არ დაუშვან.