თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა.
„ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს. ისინი მუნიციპალიტეტებს, სადაც ჩვენ რწმუნებულები დავნიშნეთ, ტერორისტულ ორგანიზაციებს გადასცემენ და მოიწვევენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ტერორისტებთან კავშირის გამო დავითხოვეთ. ამასთან, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და მანამდე უარი ვთქვით. როგორც იცით, ჩვენ მტკიცედ დავიცავით თურქეთის ეროვნული ინტერესები ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის, NATO-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისინი ყველაფერს ჩააბარებენ დასავლეთს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკას ეხება. ბატონმა ქემალმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ის გააკეთებს იმას, რაც ბაიდენს სურს. შეასრულებთ თქვენ ბაიდენის ბრძანებებს? ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ბაიდენს პასუხი გასცეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.