სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფებით, 1-ელი აპრილიდან ერთი მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ, როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ ისაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ 1-ელი აპრილიდან ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მცირედით გაუძვირდებათ, თუმცა მისი თქმით, ბუნდოვანია, როგორ შეძლებს მელიორაცია იმის კონტროლს, რამდენჯერ მორწყავენ ფერმერები მიწას. ამასთან, ილია კუნჭულია იმასაც ამბობს, რომ დღეს სარწყავი წყლის გაძვირებაზე დიდი პრობლემა დიზელის გაძვირებაა, რაც პროდუქტის ფასზე აუცილებლად აისახება.

„გარანტიას გაძლევთ, ირანის ომის გამო, რამაც საწვავი გააძვირა, ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და ამაში ფერმერების ბრალეულობა არაფერი იქნება. მელიორაციის ფასზე მეტად დღეს სწორედ ის პრობლემაა, რომ 10 დღიან პერიოდში დიზელის საწვავი ისე ძალიან გაძვირდა, ისეთი გაურკვეველი სიტუაციაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ფერმერებს ამ გაზაფხულზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ საოპერაციო ხარჯები.

რაც შეეხება სიახლეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური იყო ის, რომ ამდენ ხანს არ აცხადებდნენ ფასთან დაკავშირებით რა იქნებოდა საბოლოო ვერსია. ფერმერებმა არ იცოდნენ დეტალები, რის გამოც ბევრი არ ხნავდა, არ თესავდა, ელოდებოდა გამოცხადებას. კარგია, რომ გამოცხადდა და ხალხმა დაიწყო მუშაობა.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, როგორ დაითვლის საქართველოს მელიორაცია, ვინ რამდენჯერ მორწყა - ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. წინასწარ კი არის გაწერილი, მაგრამ როგორ შეამოწმებენ, ვინ 3-ჯერ მორწყა და ვინ - 4-ჯერ? ყველაზე მარტივია, მრიცხველები ეყენოთ ფერმერებს. სრულ უმეტესობას არანაირი მრიცხველი არ აქვს და ხან დილით რწყავენ, ხან საღამოს, ხან - შუაღამეს და როგორ უნდა დაადგეს თავზე მელიორაცია და როგორ უნდა დაადგინოს, ვინ რამდენჯერ მორწყა, ეს არის პასუხგაუცემელი კითხვა. მელიორაციამ თუ დაამატა ასეულობით თანამშრომელი, ასეულობით მანქანა ჰყავს, ვერტმფრენებით იფრენენ, კი, ასე შეძლებენ, მაგრამ რეალურად არხებში რამდენი წყალი გადის, მაგის დადგენაც რთულია. ათასობით და ათიათასობით არხია, როგორ უნდა შეამოწმონ, არ ვიცი, მრიცხველი კი ერთეულებს აქვთ. ჩემი აზრით, აღსრულება არ მოხდება, გადაიხდის ფერმერი პირველ მორწყვას და ჩვეულებრივად გამოიყენებს წყალს სეზონზე, როგორც აქამდე იყენებდა“, - აცხადებს ილია კუნჭულია.

მისივე თქმით, არც ერთ ფერმერს არ სურს, არარაციონალურად გამოიყენოს წყალი, რადგან რაც უფრო მიუშვებ წყალს, მით მეტად რეცხავს ნიადაგს, საუკეთესო, ყველაზე ნაყოფიერ ფენას.

„პრობლემა არის მიწების საკუთრების საკითხში - მიწის მფლობელების უმეტესობა დღეს აღარ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში, მიწას აღარ იყენებს. მიწის რეგისტრაციის პრობლემის გამო ვერც ყიდიან, არც სტიმული აქვთ, რომ გაყიდონ. შესაბამისად, სარწყავი მიწების უმრავლესობას იყენებენ სხვები, რომლებიც ერთი ან ორი სეზონით ქირაობენ. რაციონალურად რომ გამოიყენო წყალი, საჭიროა ძალიან დიდი ინვესტიცია და ის ადამიანი, ვინც მცირე დროით ქირაობს მიწას, მას უნდა მხოლოდ მოსავალი მოიყვანოს და წავიდეს თავის გზაზე. წყლის რაციონალურად გამოყენებას სარწყავი წყლის გაძვირება კი არ აგვარებს, არამედ მიწების მფლობელობის საკითხი და ინვესტიციები“, - ამბობს ილია კუნჭულია.