ევროპული ბაზრის დაკარგვისა და ექსპორტის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნის ფონზე, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ალტერნატიულ გზებს ეძებს და Bosch-ის ყოფილ ქარხანაში მაცივრების წარმოებას იწყებს.

ახალი მიმართულების ათვისება კომპანიის ღრმა კრიზისზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში მიწოდება იზრდება, ის ევროკავშირის დაკარგული ბაზრის მხოლოდ მეხუთედს აკომპენსირებს.

სანკტ-პეტერბურგთან მდებარე Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანამ, რომელიც ახლა „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის „გაზპრომ ბიტოვიე სისტემის“ მართვაშია, 2025 წლის მაისში მაცივრების წარმოება განაახლა.

ახალი მიმართულება ვითარდება „გაზპრომის“ ძირითადი ბიზნესის პრობლემების ფონზე. ომამდე კომპანია გაზს ათობით ქვეყანაში აწვდიდა, თუმცა 2026 წლის დასაწყისისთვის შორეულ უცხოეთში მას მხოლოდ ოთხი კლიენტი დარჩა: უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და ჩინეთი. რუსეთიდან მილსადენებით გაზის ექსპორტის მოცულობა უკვე მესამე წელია ზედიზედ 1980-იანი წლების მეორე ნახევრის შემდეგ მინიმალურ ნიშნულებზე რჩება.