ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აშშ-ის გადაწყვეტილებას, ორგანიზაციის დატოვების შესახებ, სამწუხაროს უწოდებს.
ჯანმო იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მომავალში ორგანიზაციასთან აქტიურ მონაწილეობას დაუბრუნდება.
„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელმა წევრმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანმო-ს მრავალ უდიდეს მიღწევაში, მათ შორის ყვავილის აღმოფხვრასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალი სხვა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის აივ ინფექციის, ებოლას, გრიპის, ტუბერკულოზის, მალარიის, უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, საკვების უვნებლობის და სხვათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, ჯანმო ნანობს შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ შეტყობინებას – გადაწყვეტილებას, რომელიც როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. გასვლის შესახებ შეტყობინება წამოჭრის საკითხებს, რომლებსაც განიხილავს ჯანმო-ს აღმასრულებელი საბჭო 2 თებერვლიდან დაწყებულ რეგულარულ შეხვედრაზე და ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა 2026 წლის მაისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 იანვარს აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დასრულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე არასათანადო რეაგირება დაასახელა. მიზეზებად ასევე დასახელდა ორგანიზაციის უუნარობა, გაატაროს საჭირო რეფორმები. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენები ჰქონდათ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა. ჯანმოდან გამოსვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ წელს, აღმასრულებელი დადგენილების ხელმოწერით გააფორმა, თუმცა ყველა იურიდიული თუ ტექნიკური საკითხის გავლას 12 თვემდე პერიოდი დასჭირდა.
ცნობისთვის, გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად ტრამპმა ორგანიზაციის მიერ კოვიდ პანდემიის არადამაკმაყოფილებლად მართვა დაასახელა. როგორც შტატების ლიდერმა მაშინ აღნიშნა, ჯანმომ ვერ მოახერხა მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევის თავიდან არიდება, შესაბამისად მომზადება და შემდგომ ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
“ყველა იმ დანაშაულთან ერთად, რაც ამ ორგანიზაციას აქვს ჩადენილი პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რომ ის ჩინეთის ინტერესებს განსაკუთრებით იცავდა და უარს აცხადებდა საჭირო რეფორმების გატარებაზე” - აღნიშნავდა ტრამპი ჯანმოდან გამოსვლის მიზეზების დასახელებისას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების პარალელურად, ოფიციალურად შეწყდა შტატების მიერ მისთვის ყოველწლიური დაფინანსების მიწოდების პროცესიც. ამასთან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა გამოითხოვა ყველა სპეციალისტი და შეაჩერა ის ასობით პროგრამა, რომელსაც ჯანმო სწორედ შტატების თანხებისა და ექიმების დახმარებით ახორციელებდა მსოფლიოს მასშტაბით.
აშშ-ს მიერ ორგანიზაციის დატოვებას უკვე გამოეხმაურნენ თავად ჯანმოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ შტატების პროცესიდან გასვლა უარყოფითად აისახება არამარტო გლობალური ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობაზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, რომელსაც აღარ ექნება წვდომა იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებსაც ორგანიზაცია მის გარეშე დანერგავს. შესაბამისად, პანდემიის მსგავსი გამოწვევის პირობებში, ქვეყანა მოსალოდნელი რისკებისადმი გაცილებით მოუმზადებელი იქნება.