მოლდოვის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) ტოვებს. ეს ნაბიჯი იმ შეთანხმებების დენონსაციას გამოიწვევს, რომლებსაც მოლდოვამ დსთ-ში შესვლის დროს მოაწერა ხელი.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპსოიმ კიშინიოვის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ საჭირო დოკუმენტები დამტკიცების პროცესშია და მალე ისინი რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნება. ამ მომენტიდან მოლდოვის რესპუბლიკა აღარ იქნება დსთ-ს ოფიციალური წევრი, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნა.
დსთ-დან გასვლის პროცესი კიშინიოვმა ოთხი წლის წინათ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დაიწყო.
ოთხშაბათს რუსეთმა აღიარა მოლდოვის რესპუბლიკის უფლება, დაიწყოს დსთ-დან გასვლის პროცედურები, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მოლდოვის მოქალაქეებისთვის საზიანოა და ამის მიზეზად ქვეყნის „სავალალო“ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.
„თანამეგობრობის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დენონსირების პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება, უდავოდ, მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენული უფლებაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის „კატასტროფული“ ეკონომიკური მდგომარეობა ევრაზიულ რეგიონთან კავშირების გაწყვეტას არამომგებიანს ხდის. „სიღარიბის მაჩვენებელმა 30 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების წილმა 65 პროცენტს მიაღწია“, - ამბობს ზახაროვა და დასძენს, რომ სავაჭრო დეფიციტი 2025 წლის პირველ 11 თვეში 29.5 პროცენტით გაიზარდა.
რუსმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა დიდად არის დამოკიდებული ევროკავშირის დაფინანსებაზე, რომელში გაწევრიანებასაც ის 2030 წლისთვის იმედოვნებს. მოსკოვმა კიშინიოვს შეახსენა, რომ დსთ რჩება „პატივსაცემ ორგანიზაციად“ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და უკრაინამ მისი რიგები დატოვეს.
„ერთეტაპიანი“, რადგან მოლდოვის რესპუბლიკამ ამის შესახებ 12 თვით ადრე უნდა აცნობოს აღმასრულებელ კომიტეტს. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერის აზრით, მოლდოვის ლიბერალური მთავრობის „დამღუპველი პოლიტიკა“ გავლენას მოახდენს მის მოსახლეობაზე, რომლის ინტერესებიც, მისი მტკიცებით, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების გამო არის იგნორირებული.
„ამ არაპოპულარული პოლიტიკის შედეგი უკვე აშკარაა - მოლდოვის რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც აყვავებული იყო, სამწუხაროდ, ღარიბ და უკანონო რეგიონად იქცა,“ - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ დაუსახელებია.
წყარო: 1 არხი