19-20 იანვარს გაგრძელდა მზეზე მომხდარი ამოფრქვევით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. მისი ინტენსივობა ხუთბალიანი შკალაზე 4-ის ტოლია. ამ მოვლენამ შეიძლება სატელიტური კომუნიკაციებისა და GPS-ის მუშაობას შეუშალოს ხელი.

ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი იტყობინება.

„გრძელდება საკმაოდ ძლიერი, S 4 დონის მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. S 4 დონე ბოლოს 2003 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა“, - ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამ მოვლენის სავარაუდო აურყოფითი შედეგი შეიძლება იყოს სირთულეები კოსმოსურ გაშვებებში, ავიაციის სექტორში და სატელიტურ ოპერაციებში. გარდა ამისა, შესაძლოა შეიქმნას დიდი და ხშირი პრობლემები ძაბვის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც ზრდის ანომალიების ან სატელიტებზე სხვა სახის ზემოქმედების ალბათობას; ასევე მოსალოდნელია GPS-ის მუშაობაში ხარვეზების გახშირება და მათი ხანგრძლივობის გაზრდა.

CNN-ის განმარტებით, როდესაც მაგნიტური ქარიშხალი ჩვენს პლანეტამდე აღწევს, მან შეიძლება გაზრდილი რადიაციული რისკი შეუქმნას დედამიწის დაბალ ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს (მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე მყოფებს), ასევე პოლარულ მარშრუტებზე მოძრავი რეისების მგზავრებს.

20 წლის წინანდელმა მაგნიტურმა ქარიშხალმა შვედეთში ელექტროენერგიის გათიშვა, სამხრეთ აფრიკაში კი დენის ტრანსფორმატორების დაზიანება გამოიწვია.

გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხლის პერიოდში, უღრუბლო ამინდის დროს, ადამიანებს ღამით ჩრდილოეთის ციალის დანახვა შეუძლიათ.

19 იანვრის საღამოს, ჩრდილოეთის ციალი დნეპროპეტროვსკის ოლქის მცხოვრებლებმაც შენიშნეს.

წყარო: 1 არხი