ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ჩინეთის არმიის ერთპიროვნული მმართველი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიაში (CMC) დარჩენილი ორი გენერლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, CMC-ის ვიცეთავმჯდომარე გენერალ ჭანგ იოუსიას და CMC-ის წევრ სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ლიუ ჭენლი "დისციპლინისა და კანონის სერიოზულ დარღვევებს" ედავებიან.
ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიას განსაზღვრავს და მათ ოპერაციებს ხელმძღვანელობს. Financial Times აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტერმინოლოგიაში გამოთქმა "დისციპლინის დარღვევები" ხშირად კორუფციას ნიშნავს, თუმცა ეს ტერმინი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ფრაქციულ ბრძოლებთან - მაო ძედუნიდან მოყოლებული ჩინეთის ლიდერები მოწინააღმდეგეების პარტიიდან ჩამოსაშორებლად ასეთ გამოძიებებს ხშირად იყენებდნენ.
Financial Times წერს, რომ ჭანგისა და ლიუს ჩამოშორება ჩინეთის ცენტრალურ სამხედრო კომისიას ისტორიაში ყველაზე მცირე შემადგენლობამდე ამცირებს და მის ერთადერთ წევრებად სი ძინფინგს, რომელიც ორგანოს ხელმძღვანელობს, და ჭანგ შენგმინს ტოვებს. ჭანგი პოლიტიკური როლის სამხედრო პირია, რომელიც სამხედრო ანტიკორუფციულ ზედამხედველობას ხელმძღვანელობს და ოქტომბერში CMC-ის ვიცეთავმჯდომარედ დაწინაურდა.