სიმღერა თუ გიყვართ, იღბლიანიც ყოფილხართ. ოღონდ აქ საქმე იმას არ ეხება, სმენა გაქვთ თუ არა… კვლევის თანახმად, სიმღერა მრავალ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სარგებელს უკავშირდება, დაწყებული ფილტვების ფუნქციების გაუმჯობესებით დამთავრებული ფსიქოლოგიური სიმშვიდის მოპოვებით.

სიმღერა ვაგუსის ნერვს ასტიმულირებს, რომელიც ტვინიდან, ყელისა და ვოკალური იოგების გავლით, ორგანოებამდე მთელ სხეულში გვხვდება. პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემის ნაწილია, გვეხმარება სუნთქვის, გულისცემის და საკვების მონელების რეგულირებაში. კვლევების თანახმად, ამ ნერვის გაძლიერება უკეთეს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნიშნავს, ამასთან, სტრესის შემდგომ ჯანსაღი მდგომარეობის უფრო სწრაფად დაბრუნებაში გვეხმარება.

ეს უკანასკნელი იმუნური სისტემის გაძლიერებას უკავშირდება, სასარგებლო ანტისხეულების მატების გზით. საინტერესოა, რომ სიმღერა ტკივილსაც ამცირებს და ადამიანების გულისცემასა თუ წნევას არეგულირებს. ერთ-ერთი კვლევა კი მეტად საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს და გვეუბნება, რომ სიმღერას გული და ფილტვები ისე შეუძლია ავარჯიშოს, როგორც სარბენ ბილიკზე სწრაფად სიარულს.

მეტიც, სიმღერის სასარგებლო ფუნქციებს შორის, დაზიანების მიღების შემდეგ, ტვინის გაჯანსაღებაში დახმარებაა. სწორედ ასე მოხდა გაბრიელ გიფორდის შემთხვევაში, რომელიც მეტყველების თერაპიაში ნაცნობ სიმღერებს იყენებდა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს სროლის შედეგად თავში ჭრილობა მიიღო და გადარჩა. სიმღერა მას დროთა განმავლობაში მეტყველების აღდგენაში დაეხმარა. 

საინტერესოა, რომ მსგავსი ტექნიკა დღეს ინფაქტს გადარჩენილ პაციენტებში გამოიყენება, რა დროსაც განმეორებითი ქმედებებია საჭირო ტვინის ჰემისფეროებში კავშირების აღსადგენად. ნეიროპლასტიკურობასაც უჭერს მხარს, ეხმარება ტვინს განტვირთვასა და ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში. კვლევები იმასაც გვეუბნება, რომ სიმღერა პარკინსონის მქონე ადამიანებს მეტყველების გაუმჯობესებაში უწყობს ხელს. 

ეს კოვიდის შემდეგაც სასარგებლო გამოდგა — English National Opera-ში პროფესიონალ მომღერლებთან 6-კვირიანი მუშაობის შემდეგ, მონაწილეებმა სუნთქვის ნაკლები გართულებები აჩვენეს და მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. 

მართალია, სიმღერის ფიზიკური სარგებელი, თავის მხრივ, გასაოცარია, მაგრამ სოციალური მხარეც არანაკლებ მნიშნელოვან როლს ასრულებს. მაგალითისთვის ჯგუფში სიმღერა უფრო უკავშირდება გაუმჯობესებულ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, ვიდრე მარტო შესრულება. ამის დასამტკიცებლად მკვლევრებმა კიბოს, პარკინსონის, დემენციისა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისგან გუნდი შეკრეს და აჩვენეს, თუ როგორ ამცირებს ერთად სიმღერა იზოლირების შეგრძნებას, აუმჯობესებს განწყობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. 

ამიტომაც, ნუ იღელვებთ, თუ ხმა არ გაქვთ, უბრალოდ მუსიკა ჩართეთ და იმღერეთ — ეს თერაპიაა თქვენი სულისა და სხეულისთვის.

www.marketer.ge